ALDE ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას გმობს და ევროკავშირს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) „ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვას გმობს და ევროკავშირს მოუწოდებს, პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები გაუმკაცროს.

ALDE ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას გმობს და ევროკავშირს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„დემოკრატია ოპოზიციის გარეშე?“ - ამ სათაურით ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. ორგანიზაცია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობას გმობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა ასობით ათას ამომრჩეველს პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე დატოვების საფრთხეს უქმნის.
28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ALDE აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დემოკრატიულ კონკურენციას კიდევ უფრო შეზღუდავს. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს პარტიების აკრძალვის პროცესი და ევროკავშირმა გაამკაცროს პერსონალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი.
ევროპელი ლიბერალები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები რუსეთში ოპოზიციის დევნის პრაქტიკას ჰგავს.
ALDE ასევე ეხმაურება ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებულ კამპანიას — „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“. ორგანიზაციის ცნობით, 25 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო კამპანია 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„ეს ბრძოლა მხოლოდ ხუთი პარტიის ბედს არ ეხება. საკითხი ისაა, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები საკუთარი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეინარჩუნებს თუ არა ქვეყანა ევროპულ მომავალს დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის პირობებში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი მხარდაჭერას უცხადებს „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ ძალებს და აცხადებს, რომ საქართველოში ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, სადაც ხელისუფლებას ოპოზიციის აკრძალვა შეუძლია, მიუღებელია.
„ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა“, — აცხადებს ALDE.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს ბრძოლა მხოლოდ ხუთი პარტიის ბედს არ ეხება. საკითხი ისაა, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები საკუთარი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეინარჩუნებს თუ არა ქვეყანა ევროპულ მომავალს დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის პირობებში“
„ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…