ირანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია - მედია
ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისგან წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია. პარალელურად, ირანი ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ვაშინგტონისგან შვიდი მკაცრი პირობის შესრულებას ითხოვს.

ირანულმა მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისგან წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ძალისხმევა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიმართულებით.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ „ირანმა წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია“. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Fars-იც, „წყაროზე [დაყრდნობით], რომელიც ვითარებას იცნობს“.
ოთხშაბათს, „Wall Street Journal“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსმა წერილი ირანის უშიშროების უფროსს, მოჰსენ რეზაის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით გაუგზავნა, მოლაპარაკებების განახლების და აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილების მიზნით.
გაზეთის ცნობით, წერილი და შემდგომი კონტაქტი აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შესაძლო ჩარჩოზე იყო ორიენტირებული და არა სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე.
ომი 28 თებერვალს დაიწყო — აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმებით, რომელთა შედეგადაც დაიღუპნენ ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და რეგიონში არსებულ აშშ-ის ობიექტებზე, ასევე შეზღუდვები დააწესა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობაზე — საზღვაო გზაზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.
შეერთებულმა შტატებმა ასევე ბლოკადა დაუწესა ირანის ნავსადგურებს.
აღნიშნული მიმოწერის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც ომის დასრულებისკენ მიმართულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ ჯერჯერობით ვერ გამოიღო შედეგი ხანგრძლივი შეთანხმების სახით.
ოთხშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ თეირანი შუამავლებთან - ძირითადად კატარსა და პაკისტანთან ერთად - განიხილავს გეგმას, რომელიც ომის დასრულებასა და საზღვაო გზის ხელახლა გახსნას ისახავს მიზნად.
თეირანი მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა შეასრულოს შვიდი პირობა, რომლებიც მან სრუტის ხელახლა გახსნისთვის წამოაყენა.
ეს პირობები მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, საზღვარგარეთ არსებული ირანული აქტივების გათავისუფლებას, ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების მოხსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებას.
Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ირანის მიერ დადგენილ ამ მყარ ჩარჩოს ძირს უთხრის, მიუღებელია“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…