“ტრამპის ნაბიჯებმა უკვე არა მარტო დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც გამოიყვანა წყობიდან” – ირაკლი მელაშვილი
ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკამ დემოკრატებთან ერთად რესპუბლიკელებიც გააღიზიანა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიული კანონპროექტის წარდგენითა და ტრამპის ოჯახის ბიზნესის გამოძიების მოთხოვნით გამოიხატა.

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო, Economist/YouGov-ის გამოკითხვით ამერიკელი ამომრჩევლის 66% მხარს უჭერს უკრაინას, 3% რუსეთს. მათ შორის ტრამპის ყველაზე ბირთვული მხარდამჭერების, MAGA ამომრჩევლებიდან 50% მხარს უჭერს უკრაინას და მხოლოდ 5%, რუსეთს.
გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე უკრაინას. 16% კი ფიქრობს, რომ ის უკრაინას უფრო თანაუგრძნობს.
ზოგადად ამ გამოკითხვაში არ არის დაფიქსირებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკა და მათ შორის უკრაინის საკითხი ამერიკელი ამომრჩევლისთვის, თუმცა სხვა გამოკითხვებით, აშშ-ს ამომრჩევლთა 57% -თვის საგარეო პოლიტიკა ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პარტიებს შორის არჩევანის გაკეთების დროს.
ამ ფონზე, როგორც ჩანს, ტრამპის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა, ლინდის გრემის Sanctioning Russia Act of 2025 ფაქტობრივი დასამარების, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების, ომის არდასრულების აგრესორი პუტინისთვის კი არა, უკრაინაზე დაბრალებამ და მასზე ზეწოლის გაძლიერებამ, უკვე არა მარტო დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც გამოიყვანა წყობიდან.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, მარი გლუზენკამპ პერესმა და კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა დონ ბეიკონმა, 22 ოქტომბერს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი — Ronald Reagan Peace Through Strength Act of 2026 (H.R. 10866).
ინიციატივა კრძალავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტზე გამონაკლისი ნებართვის გაცემას. ამით კანონპროექტი მიზნად ისახავს რუსული ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვას, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის აშშ-ის კრიტიკული სადაზვერვო მხარდაჭერის დაცვას. ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ კონგრესმა უნდა უზრუნველყოს უკრაინისთვის აუცილებელი სადაზვერვო დახმარების შენარჩუნება.
ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გარკვეული ზომების, მათ შორის რუსული დიზელის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინიციატივა მოდის არა მხოლოდ ტრამპის დემოკრატი ოპონენტებისგან, არამედ მისი საკუთარი პარტიის წარმომადგენლისგანაც.
ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ უკვე არა მხოლოდ დემოკრატები, არამედ რესპუბლიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, მათ შორის რესპუბლიკელი კონგრესმენების და ბუშების ტრადიციული რესპუბლიკური ფრთის წარმომადგენლებიც გამოდიან. მაგალითად, ნილ ბუშმა, ჯორჯ ბუშ უმცროსის ძმამ სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტეხასიდან აშშ-ს სენატში არჩევნებში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკელი კენ პაქსტონის ნაცვლად დემოკრატ ჯეიმს ტალარიკოს მისცა ხმა და თქვა, რომ ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა რესპუბლიკურ პარტიას „უზარმაზარი ზიანი“ მიაყენეს.
Reuters ის ინფორმაციით რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კერტისმა 2026 წლის 22 სექტემბერს სენატის სასამართლო კომიტეტს წერილით მიმართა და მოითხოვა გამოძიება დონალდ ტრამპის ოჯახის ბიზნესსაქმიანობაზე:
– გამოიკვლიონ დონალდ ტრამპ უმცროსის ბიზნესები;
– შეისწავლონ მისი კრიპტოვალუტასთან, უძრავ ქონებასთან და prediction-market ბიზნესებთან დაკავშირებული საქმიანობა;
– გამოიკვლიონ ინფორმაცია, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლევმა ტრამპ უმცროსის ბაჰამის კუნძულებზე ქორწილის/სადღესასწაულო ღონისძიებების ხარჯები გადაიხადა;
კერტისი ითხოვს იმის გარკვევას, ხომ არ იყენებს ტრამპის ოჯახი პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირს ფინანსური სარგებლის, პრივილეგირებული წვდომის ან გავლენის მისაღებად.
ის ითხოვს, რომ კონგრესმა ტრამპის ოჯახის მიმართ იგივე სტანდარტები გამოიყენოს, რაც ადრე ჯო ბაიდენის ოჯახის, განსაკუთრებით ჰანტერ ბაიდენის ბიზნესსაქმიანობის შესწავლისას გამოიყენეს. სენატორი კერტისის აზრით თუ კონგრესმა ბაიდენების ოჯახის საქმიანობა გამოიძია, იგივე უნდა გააკეთოს ტრამპების შემთხვევაშიც.
სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე რესპუბლიკლმა ჩაკ გრასლიმ განაცხადა, რომ კერტისის მოთხოვნას სერიოზულად განიხილავს, თუმცა, გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებაზე სავარაუდოდ მიიღებენ 3 ნოემბერს გასამართი კონგრესის არჩევნების შემდეგ.
კონგრესის დემოკრატები აგრეთვე უკვე იძიებენ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტებს და მის ბიზნეს საქმიანობას. კუშნერი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი (Senior Advisor to the President) და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო. თუკი დემოკრატები ნოემბრის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატას და სენატს (თუნდაც ერთ ერთს) გააკონტროლებენ, ისინი გეგმავენ ამ გამოძიებების მნიშვნელოვნად გაფართოებას.
განსაკუთრებით ინტერესს იწვევს კუშნერის კერძო საინვესტიციო კომპანია, Affinity Partners. ხომ არ ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი ტრამპის სიძეს, როცა კუშნერი, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიურ საქმიანობაში და ამავე დროს მისი საინვესტიცო კომპანია ფინანსებს იღებდა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების მმართველი ოჯახების წარმომადგენლებთან დაკავშირებული წყაროებიდან.
საქმე იმაში, რომ 2026 წლის 22 ოქტომბერს ამერიკულმა ჟურნალმა Vanity Fair-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო ჟურნალისტ, მეთიუ კოულის მომავალი წიგნის ნაწყვეტი. ავტორის მტკიცებით, 2017 წელს ნიდერლანდელების დაზვერვამ (MIVD) გადაიბირა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (ГРУ) დაკავშირებული ჰაკერი. მისი დახმარებით მათ აღმოაჩინეს კუშნერის iPhone-ის ეკრანის სურათები ГРУ-ს სერვერზე, შემდეგ კი თავადაც მოიპოვეს ტელეფონზე წვდომა. კუშნერი ტელეფონით შედიოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ საბანკო ანგარიშზე, რომელზეც აზერბაიჯანის გავლით ასობით მილიონი დოლარი იყო ჩარიცხული. ავტორი ასევე აღწერს საუდის არაბეთისა და საამიროების ლიდერებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ჯამში სულ მცირე 2 მილიარდი დოლარი იყო განთავსებული.
მოკლედ, 3 ნოემბრის კონგრესის და სენატის არჩევნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციას ნებისმიერ შემთხვევაში საკმოდ მძიმე შეტევების მოგერიება მოუწევს და არა მხოლოდ დემოკრატი კონგრესმენების თუ სენატორების, არამედ, როგორც ჩანს, საკუთარი თანაპარტიელების ნაწილისგან მაინც.
ციტატები სტატიიდან
„უზარმაზარი ზიანი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…