ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიანეიტრალური საქართველოეუთონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას ოპოზიციონერებმა პროცესს „კომუნისტური რევანში“ უწოდეს, მმართველი პარტიის სარჩელი კი რუსული დოქტრინის გამეორებასა და მრავალპარტიული სისტემის გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულეს.

„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე
„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღებათუმელები

„დღეს, მეგობრებო 28 ოქტომბერია, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა,“ – დღევანდელი თარიღის მნიშვნელობა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ნაბიჯები გაიხსენა „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლემონჯავამ, როგორც კი სხდომათა დარბაზში შემოვიდა. ამ დროს მოსამართლეები ჯერ არ ჩანდნენ. დარბაზში უკვე ისხდნენ „ოცნების“ აქტივისტები, ასევე, სხვა პარტიების წევრები და მხარდამჭერები.

დღეს, 28 ოქტომბერს, ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა გაგრძელდა და პირველი გამომსვლელი, მაია კოპალეიშვილიც 28 ოქტომბრის თარიღს, ანუ მრავალპარტიულობის იდეას გამოეხმაურა. მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, ხოლო დღეს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„სამწუხაროა, რომ დღეს მრავალპარტიული სისტემის გაუქმებაზე გვიწევს მსჯელობა,“ – თქვა მაია კოპალეიშვილმა და შემდეგ „ოცნების“ დეპუტატებს გადახედა: არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი თსუ-ში ჩემი სტუდენტები იყვნენო.

„მათ თქვეს, რომ პარტიების გაუქმებით ქვეყანას უნდა აარიდონ საფრთხე… მაინტერესებს, მაგალითად, მე რა საფრთხეს წარმოვადგენ ქვეყნისთვის? მუდმივად ვიბრძოდი და ვიბრძვი სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის… მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ,“ – აქ ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ შეაჩერა.

მაია კოპალეიშვილმა თავდაპირველად მოლდოვას და უკრაინის მაგალითი დაასახელა. ამ ქვეყნებს ხშირად ახსენებს ივანიშვილის დაჯგუფება იმ არგუმენტით, რომ იქაც აკრძალეს პარტიები, მაგრამ ეს ევროინსტიტუციებს არ გაუპროტესტებიათ.

„მაგრამ იქ საუბარი იყო აგრესორ რუსეთთან დადასტურებულ კავშირებზე, ფინანსურ მხარდაჭერაზე, ჩვენთან კი, საუბარია პროდასავლური პარტიების აკრძალვაზე,“ – აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყოს ხელი.

„პარტიის პოლიტიკა და საქმიანობა დემოკრატიისთვის სერიოზულ და მოახლოებულ საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს,“ – პარტიის გაუქმების შესახებ ვენეციის კომისიის კონკრეტული დასკვნის ჩანაწერიც წაუკითხა მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილმა.

„მოახლოებული საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე. ეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია,“ – მოსამართლეებს მიმართა მაია კოპალეიშვილმა.

კოპალეიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პარტიების აკრძალვამდე ოპოზიციონერები პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდნენ: კოალიციის 4 ლიდერი გაუშვეს ციხეში, მათ შორის, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ახლაც ციხეში არიან, ხოლო „გირჩის“ ლიდერი – ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მიდიოდა შეხვედრაზე და უკან დაბრუნება აიძულეს.

„მხარეს აქვს უფლება იცოდეს, რას ედავებიან,“ – თქვა მაია კოპალეიშვილმა და სარჩელის ბუნდოვანებას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ირღვევა მოპასუხის უფლება, რომელსაც უფლება აქვს, „მტკიცებულებები უარყოს და გააქარწყლოს“, რაც ამ ვითარებაში შეუძლებელია.

„ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით,“ – „ოცნების“ სარჩელში ეს ფრაზა ბევრგან გვხვდება და ეს ფრაზა ამოიკითხა ამჯერად „ოცნების“ სარჩელიდან მაია კოპალეიშვილმაც. „ოცნების“ მთავარი მტკიცებულება „ოპოზიციის გაუქმების საქმეში“ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა. მაია კოპალეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სარჩელში არაა მითითებული კონკრეტული მოწმეები.

„დასკვნაში მითითებული ფაქტები დადგენილი არ არის. მათი გამოკვლევა სასამართლოს თავად ევალება, ჩვენი პირველი შუამდგომლობა ეს იყო, რომ ეს ფაქტები გამოკვლეულიყო, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა,“ – აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

„კომისიის მასალები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას კი, იურიდიული ძალა არა აქვს,“ – ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე განაგრძო მსჯელობა მაია კოპალეიშვილმა. კანონის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს პარლამენტში იყვნენ, მაგალითად, „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლები, წულუკიანის კომისიაში რეალურ ოპოზიციას არ დაუთმეს იმდენი ადგილი, რამდენიც კანონით ერგებოდა.

„ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სამართლებრივი საქმეა და პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა. ეს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 26 მარტს უკვე შეაფასა, როგორც „პოლიტიკური შინაარსის დეკლარაციული დოკუმენტი“, რომელიც „არ იწვევს სამართლებრივ შედეგს“.

როგორ უნდა აკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიცია იმ მტკიცებულებით, რომელიც მისივე შეფასებით „არ იწვევს სამართლებრივ შედეგს“? – ეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს, გიორგი კახიანს ვკითხეთ შესვენების დროს. მან გვიპასუხა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნა შესაძლოა პოლიტიკური დოკუმენტია, მაგრამ მასში მითითებულია კონკრეტული განაჩენები, რაც სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოიტანეს საერთო სასამართლოებმა. კახიანმა გვითხრა ისიც, რომ ვრცლად ამ საკითხს თავად შემდეგ სხდომაზე განმარტავენ.

„სასამართლო ფუნქციის უზურპაცია“ – ასე დაასათაურა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის მთავარი პრობლემა მაია კოპალეიშვილმა, ანუ ის, რომ საპარლამენტო კომისიას შეუძლია გამოიკვლიოს კონკრეტული ფაქტები, მაგრამ „კომისიის დასკვნა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს საბოლოოდ დადგენილად აფასებს,“ – დასძინა ყოფილმა მოსამართლემ.

აქ მაია კოპალეიშვილმა პოლონეთი ახსენა, სადაც ასევე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ მსგავს საკითხებზე, მაგრამ კომისიის დასკვნა იყო მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. „საქართველოში კი, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიღების რვავე წევრი პარლამენტის წევრია და ამ სარჩელის [„ოცნების“ სარჩელი ოპოზიციის გაუქმებაზე] ხელმომწერი არიან,“ – ამ გარემოებაზე ხაზგასმით მაია კოპალეიშვილმა საგამოძიებო კომისიის პოლიტიკური მდგენელი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა და მიუთითა, ევროსასამართლოს პრაქტიკაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც დაუშვებლად მიიჩნევს ამ ფორმით მოპოვებულ მტკიცებულებასო.

„წამების სისტემები“, „სამშობლო ღალატი“, „ტერორისტული აქტი“ – „ოცნების“ სარჩელში ნახსენებ ამ ფრაზებზეც ისაუბრა მაია კოპალეიშვილმა და თქვა, რომ თუ ეს ფაქტები დადგენილია, გამოდის, რომ „ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა“, რასაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება. „ამიტომაც, მოსარჩელეს არ შეუძლია აირჩიოს უმძიმესი ბრალდება და უმსუბუქესი მტკიცების ტვირთი,“ – მაია კოპალეიშვილმა დაასაბუთა, რატომ არ შეუძლია სამართლებრივად „ოცნებას“ კონსტიტუციურ ბრალდებად გაასაღოს ის, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტად მიჩნეული არ არის.

მაია კოპალეიშვილმა „ოცნების“ ორგანიზებულ ქმედებას გაუსვა ხაზი: ჯერ შექმნეს „წულუკიანის კომისია“, შემდეგ „ოცნების“ პარლამენტი ცვლის კანონმდებლობას და მას ამზადებს ოპოზიციის სრულად გასაუქმებლად, შემდეგი ნაბიჯი წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე სარჩელია საკონსტიტუციო სასამართლოში…

„კანონმდებლობა არ ემსახურება გაცხადებულ მიზანს, კონსტიტუციური წესრიგის დაცვას… კონსტიტუციური წესრიგის რყევისთვის რისკს ქმნის“, – ვენეციის კომისიის დასკვნის კონკრეტული ჩანაწერები წაიკითხა ამჯერად მაია კოპალეიშვილმა. საუბარია დასკვნაზე, რომლითაც ვენეციის კომისიამ შეაფასა „ოცნების“ პარლამენტის მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები.

„საბჭოთა რევანში“ უწოდა გამოსვლის დასაწყისშივე „ოპოზიციის გაუქმების საქმეს“ თენგიზ თევზაძემ. ისიც პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია. მანაც გაიხსენა 1990 წელს ჩატარებული პირველი, მრავალპარტიული არჩევნები…

„საბჭოთა რევანშზე საუბარი არ გვინდა. გადადით საქმეზე,“ – ოპოზიციონერი დასაწყისშივე შეაჩერა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ.

თენგიზ თევზაძემ პარტია „ახალის“ გაცხადებულ მიზნებზე ისაუბრა: დემოკრატიის გაძლიერების მცდელობა და ევროინტეგრაცია. „ოცნების“ ცესკოს დათვლებითაც, კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ ოპოზიციურ ძალებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა 2024 წლის არჩევნებზე და ამომრჩეველთა საერთო ხმების 11 % მიიღო. ამ მონაცემებზე ისაუბრა თენგიზ თევზაძემ.

ამის შემდეგ კოალიციის ლიდერებს აპატიმრებენ, მათ შორის, ელენე ხოშტარიას აპატიმრებენ ბანერზე გაკეთებული მინაწერის გამო – „რუსული ოცნება“… კოალიციის ლიდერებს დღესაც ედავებიან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: „ოცნების“ დასანქცირებას საერთაშორისო პარტნიორებს უსაფუძვლოდ სთხოვდნენო.

„სხვათა შორის, გუშინ ამბობდა „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი, რომ მალე აიკრძალება პროევროპული პარტიები და მე ვიქნები ოპოზიციაო,“ – პრორუსული პარტიის „ნეიტრალური საქართველო“ ახალი განცხადებაც გააცნო მოსამართლეებს თენგიზ თევზაძე.

პარტიები რომ „რამდენიმე დღეში აიკრძალება“, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, „ოცნების“ პრემიერმა. როგორც ჩანს, „ოცნება“ელოდა, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესსაც ბოიკოტს გამოუცხადებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მთელი კვირა პროდასავლური ოპოზიცია საზოგადოებას აჩვენებს: რეალურად რა საფრთხეს უქმნის „ოცნება“ ქვეყანას ოპოზიციის გაუქმებით.

თენგიზ თევზაძემ „ქართულ ქარტიაზეც“ ისაუბრა. „ოცნების“ შეფასებით, ეს ქარტია აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნას ორგანიზებულად ცდილობდა. ქარტიის გაცხადებული მიზანი იყო ახალი არჩევნების მოთხოვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„არსად არ იყო მოწოდება ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ…“ – თქვა თენგიზ თევზაძემ.

რაც შეეხება არჩევნების შედეგების არაღიარებას: თენგიზ თევზაძემ სასამართლოს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებზე კონკრეტული დარღვევები დააფიქსირა, რაზეც საუბარია, მათ შორის, ავტორიტეტული ეუთოს დასკვნაშიც. შემდეგ კი, არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის მოთხოვნით, ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, მაგრამ სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი არც კი განიხილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე [სარჩელის განუხილველად დატოვება], „ოცნების“ პარლამენტი მუშაობას მაინც შეუდგა, რის უფლებაც პარლამენტს – კონსტიტუციონალისტების განმარტებით – არ ჰქონდა. სწორედ ესაა მთავარი არგუმენტი, რის გამოც პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

მაგრამ „ოცნება“ პირიქით, ოპოზიციას ედავება: კონსტიტუციურ წყობილებას არღვევთ, რადგან ჩვენს ლეგიტიმაციას არ ცნობთ, ამიტომაც, გაუქმებთ ყველასო.

„ძალადობის მუხლით არცერთი სისხლის სამართლლებრივი ბრალდება არ წარდგენილა,“ – ამას ხაზი გაუსვა თენგიზ ცერცვაძემ. მან მოსამართლეებს უთხრა, რომ მიაწვდის ჩანაწერებს, რომლითაც დადასტურდება, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები მხოლოდ მშვიდობიან პროტესტზე საუბრობენ და ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის მაშინ, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს პროევროპულ აქციებზე სპეცრაზმელები ქუჩებში ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ივანიშვილის დასანქცირებას რომ ითხოვს ოპოზიცია? – ეს კიდევ ერთი „არგუმენტია“ ივანიშვილის დაჯგუფების მიერ მომზადებულ სარჩელში ოპოზიციის წინააღმდეგ. თენგიზ თევზაძემ ისაუბრა ამ კუთხით არსებულ ევროპულ სტანდარტზე, რომ როცა ვინმე ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, მისი დასანქცირების მოთხოვნა „დამოუკიდებლობის ხელყოფა“ კი არა, პარტიის ჩვეულებრივი საქმიანობაა.

ჯამურად, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა 2024 წლის არჩევნებში 784 ათასი ხმა აიღეს – ეს მონაცემიც შეახსენა თენგიზ ცერცვაძემ მოსამართლეებს. ოპოზიციის გაუქმების შემთხვევაში, ამ ამომრჩევლის ნება გამოხატული ვეღარ იქნება.

თენგიზ თევზაძემ ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტა, რომ ამა თუ იმ პარტიის მიერ საგარეო პოლიტიკის კურსის კრიტიკა, ასევე, პრორუსული კურსი არ შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როცა დგინდება „დაქვემდებარება“.

„სარჩელში არაა მითითებული გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ რომელიმე პარტია მომხრეა სუვერენიტეტის დარღვევის, დამოუკიდებლობის ხელყოფის… ან არის უცხო ძალის გავლენის ქვეშ,“ – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

„ოცნება“ ოპოზიციას ედავება ძალადობის მხარდაჭერას და არგამიჯვნას. ომის და ძალადობის პროპაგანდად – ევროპული სტანდარტის მიხედვით – მიჩნეულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხრიდან მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებები, ან ამისკენ მოწოდება, რასაც სისტემური ხასიათი აქვს.

„ცალკეული პირის მიერ აქციაზე ჩადენილი ძალადობა პარტიას ვერ მიეწერება, თუ ის პარტიას არ დაუორგანიზებია…“ – თქვა თენგიზ ცერცვაძემ და აქაც საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები ახსენა.

„ერთიანი ორგანიზმი“ – ეს ფრაზაც „ოცნების“ სარჩელში გვხვდება – ოპოზიცია ასე მოქმედებსო. ამ კუთხით თენგიზ თევზაძემ „ოცნებას“ შეახსენა, რომ თავად „ოცნება“ ხელისუფლებაში კოალიციის სახით მოვიდა და ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ამ კოალიციაში შემავალ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტის ხედვა კოალიციის ხედვას გამოხატავდა.

„ოცნება“ ხშირად ახსენებს „არგამიჯვნას“, რომელიც, მაგალითად, გვხვდება ევროსასამართლოს მიერ განხილულ რამდენიმე საქმეში, თუმცა თენგიზ თევზაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა მსგავს საქმეში საუბარია საკუთარი პარტიის ლიდერების ძალადობისგან გამიჯვნაზე და არა სხვა პარტიის ლიდერების მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე.

კამბოჯა – თენგიზ თევზაძემ გამოსვლის ბოლოს ეს ქვეყანა ახსენა. გუშინდელ სხდომაზე ენმ-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმაც ახსენა კამბოჯა: იქაც გააუქმეს ოპოზიცია, უცხო ძალებთან თანამშრომლობის არგუმენტით და რამეს ხომ არ გახსენებთო.

თენგიზ თევზაძის აზრითაც, კამბოჯას მოდელზე გადავალთ, თუ ივანიშვილის სურვილს ოპოზიციის საერთოდ გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლო ხელს მოუწერს.

ტრიბუნას ისევ მაია კოპალეიშვილი დაუბრუნდა: იმ ტერმინებზე მინდა გითხრათ, რასაც „ოცნება“ სარჩელში ახსენებს და მნიშვნელობა სრულიად შეუცვალაო.

მაგალითად, „თავდაცვისუნარიანი დემოკრატია“.„ოცნების“ სარჩელის მიხედვით, თუ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, ამით მიიღწევა „თავდაცვისუნარიანი დემოკრატია.“

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატია – ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა გერმანიაში იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ მუშაობდნენ… მოსარჩელე არასწორად იყენებს ამ კონცეფციას,“ – აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილის აზრით, ტერმინ „საბოტაჟსაც“ არასწორად იყენებს „ოცნება“ სარჩელში. ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ტერმინი „საბოტაჟი“ დივერსიულ, შეიარაღებულ თავდასხმებს აქტებს აღწერს. „ოცნება“ კი, საბოტაჟად მიიჩნევს საპარლამენტო ბოიკოტს, არჩევნების შედეგების არაღიარებას…

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ეს ტერმინიც გვხვდება „ოცნების“ სარჩელში… სამი რამ უნდა დამტკიცდეს ამ დროს: განზრახვა, ძალადობის მოახლოებული საფრთხე და არა რიტორიკა, დასაბუთებული კავშირი ძალადობას, ან მის მოახლოებულ საფრთხეს შორის,“ – განმარტა მაია კოპალეიშვილმა და აქვე კაპიტოლიუმის საქმე გაიხსენა:

„იქ, სადაც შეჭრა ნამდვილად მოხდა, დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არავის მოუთხოვია პარტიის აკრძალვა,“ – თქვა მაია კოპალეიშვილმა.

აქ მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა, ტერმინის სახით შეიძლება არსებობდეს საერთოდ „შეჭრის მცდელობა“?

„ქალბატონო ევა, თქვენი სტატია მაქვს წაკითხული, სადაც თქვენ მყისიერი საფრთხის ტესტს აღწერთ. თქვენ აღნიშნავთ, რომ ამერიკული სტანდარტი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაში არის უფრო მაღალი, ვიდრე ევროპული… აქ ისაა საკითხი, რომ ეს ქმედება მიაწერონ პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეჭრის მცდელობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დადგენილია ტესტი, რომელიც დაადგინა, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ,“ – უპასუხა ყოფილ კოლეგას მაია კოპალეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილის პასუხად, ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ტერმინი – „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ არ იცის და ეს იყო მისი შეკითხვა.

„თქვენ სათანადოდ არ ხართ გაცნობილი სარჩელს… მოსარჩელე განზრახ იყენებს ამ ტერმინებს,“ – თქვა მაია კოპალეიშვილმა, მაგრამ ის რევაზ ნადარაიამ შეაჩერა: თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, როგორ უნდა მიმართოთ სასამართლოს და თქვენ არ იცით, ვინ როგორ არის გაცნობილი სარჩელსო.

„კითხვებში მჟღავნდება ეს,“ – მაინც თქვა მაია კოპალეიშვილმა.

რატომ არის შეუძლებელი არჩევნების შედეგების არაღიარება ჩაითვალოს კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნასთან? – ამ კონკრეტულ საკითხზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ესაუბრა მოსამართლეებს გიორგი ლემონჯავა, პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი. ამ პარტიასაც აუქმებს „ოცნება“.

ლემონჯავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნების შედეგების აღიარება არ არის ზოგადად ვინმეს ვალდებულება.

„არაღიარება დაცულიაო, როცა ამბობთ, ეს მაშინ, როცა არჩევნები გაყალბებულია?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„დიახ, მაინც დაცულია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ვმოქმედებთ კეთილსინდისიერად,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი ლემონჯავამ და სცადა, მარტივად დაგვენახა „ოცნების“ ლოგიკა: არჩევნების შედეგების არაღიარება უდრის ლეგიტიმაციის პრობლემას, ლეგიტიმაცია -კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნას, რის შედეგიცაა უკვე დამხობა.

„თუ დავამხვეთ, მაშინ ამ პარლამენტის დეპუტატები როგორ არიან ახლა აქ, ამ შენობაში წარმოდგენილი? ამ ინსტიტუტის სახელით როგორ ლაპარაკობენ? ისინი იღებენ კანონებს, ჩემი აზრით, საშინელ კანონებს, მაგრამ იღებენ,“ – აქ გიორგი ლემონჯავა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ შეაჩერა, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის აჩერებს მოსაუბრეს, როცა საქმე „ოცნების“ საქმიანობის კრიტიკულ შეფასებას ეხება.

მერე გიორგი ლემონჯავამ დასვა ერთი მარტივი შეკითხვა: თუ არჩევნების შედეგების არაღიარება და მანდატებზე უარი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია – როგორც ამას „ოცნება“ წარმოაჩენს – მაშინ თავად პარლამენტმა 2025 წლის თებერვალში რატომ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა და შეუწყვიტა მანდატი?

„რა გამოდის, პარლამენტმა ხელი შეუწყო ანტიკონსტიტუციურ ქმედებას?“ – მოსამართლეებს მიმართა გიორგი ლემონჯავამ.

„პოლიტიკური შეფასებები და პოზიციები არ არის დამხობა, ეს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებაა… არც ეს შეფასება „არჩევნები გაყალბდა“ არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციური წყობილების ჩამოშლისკენ მოწოდებაა,“ – აღნიშნა გიორგი ლემონჯავამ და ახსენა ეუთოს დასკვნა, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც დადასტურებულია ის ამბავი, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში გაყალბდა.

„ეს საერთაშორისო შეფასებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის პოზიციები კეთილსინდისიერია და ობიექტური. საერთაშორისო გამოხმაურება ასევე ადასტურებს იმას, რომ გვაქვს რეალობა, როცა ვენეციის კომისიაც ბოიკოტს დასაშვებად მიიჩნევს.

ეს შეფასებები მოსარჩელემ თავად მიუთითა სარჩელში, მაგალითად, ეუთოს დასკვნა, ამიტომაც, ვერ იტყვის, რომ ჩვენი მხრიდან არაღიარება ფაქტებისგან დაცლილია,“ – თქვა გიორგი ლემონჯავამ.

„ყველაზე მძიმე ნაწილი ამ სარჩელში არის აგვისტოს ომი,“ – შემდეგ ნაწილზე გადავიდა გიორგი ლემონჯავა. ამ ნაწილში „ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „შექმნა ნიადაგი“ ომის დასაწყებად.

„ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას, ეწინააღმდეგება იმას, რასაც მოსარჩელის მთავრობები წლების განმავლობაში იცავდნენ… აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია იყო მხოლოდ ერთი: რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და ეს პოზიცია 2012 წლის შემდეგაც არ შეცვლილა. საერთაშორისო სასამართლოებში „ოცნების“ მთავრობის პერიოდშიც ამ პოზიციას იცავდა საქართველო,“ – თქვა გიორგი ლემონჯავამ.

აქ გიორგი ლემონჯავამ ახსენა რუსული დოქტრინა – „ახალი რეალობა“, რომელიც ლავროვს გაუწერია აგვისტოს ომის შემდეგ. ლემონჯავას თქმით, სარჩელში, რაც წერია აგვისტოს ომთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იმეორებს რუსულ დოქტრინას. თუ ამ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ეს იქნება მთავარი ნაღმი საქართველოსთვის, რადგან საქართველო უკვე შიდასახელმწიფოებრივად დაადასტურებს საქართველოს ბრალეულობას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„რა შუაშია ახლა ეს?… ლავროვის განცხადებები რაში აინტერესებს სასამართლოს?“ – პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ზუსტად მაშინ შეაჩერა გიორგი ლემონჯავა, როცა მან ლავროვი ახსენა.

„რა მოჰყვება ამ სარჩელის დაკმაყოფილებას, ხომ უნდა იცოდეთ?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლეს გიორგი ლემონჯავამ.

„ეს თქვენი შეფასებებია, გასცდით უკვე სარჩელს, სასამართლოსთვის არ არის ეს რელევანტური, ყველანაირ ზღვარს სცდებით…“ – ისევ აქტიურად სცადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ის, რომ ოპოზიციონერს „ოცნების“ რუსეთთან კავშირზე აღარ ესაუბრა.

„მაგრამ ლავროვი 2009 წლიდან აცხადებს, რომ ახალი რეალობა შეიქმნა,“ – მაინც თქვა სათქმელი გიორგი ლემონჯავამ.

„სასურველია, გვესაუბროთ ისეთ რამეზე, რაც ასახვადია,“ – დიალოგში ამჯერად ვასილ როინიშვილი ჩაერთო.

„ეს არის ამ სარჩელის მთავარი ნაღმი და უბედურება პოლიტიკური, სამართლებრივი და ისტორიული. ამით მოხდება რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება“, – გაბრაზდა გიორგი ლემონჯავა.

„ყველაფერს საზღვარი აქვს,“ – გაბრაზდა არჩილ გორდულაძეც, დეპუტატი „ოცნების“ პარლამენტიდან.

„რატომ არ გინდათ, რომ გითხრათ, ვერ გავიგე…“ – თქვა ლემონჯავამ.

„გვითხარით უკვე,“ – თქვა რევაზ ნადარაიამ, ვასილ როინიშვილს კი ჩაეღიმა.

„როცა ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს ეხება საკითხი, რამე იუმორისტულია?“ – მოსამართლეებს ჰკითხა გიორგი ლემონჯავამ.

„ადამიანს როცა ეღიმება, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დაცინვის გამო ეღიმება,“- სიტუაციის განმუხტვა სცადა ვასილ როინიშვილმა.

გიორგი ლემონჯავას შემდეგ სასამართლოს მარიკა არევაძემ მიმართა. ისიც „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია. მარიკა არევაძემ ის რეალობა აღწერა, რაც საქართველოში გვექნება, თუ ოპოზიცია გაუქმდება.

„შესაძლოა, პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ, მაგალითად, მანანა ბებოს, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ ბოლო დროს რომელიღაც პარტიას ურიცხავდა პენსიიდან 5-5 ლარს… ჩაითვლება დაკავშირებულ პირად. ეს შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს,“ – თქვა მარიკა არევაძემ. მან განმარტა, რომ კანონში შესული ცვლილებით არაა განსაზღვრული, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ“ პირად და ივანიშვილმა შესაძლოა პოლიტიკაში ყოფნა აუკრძალოს ნებისმიერ ადამიანს.

მარიკა არევაძე პროფესიით ადვოკატია და 2024 წლიდან გააქტიურდა პოლიტიკურად.

„მე მკრძალავენ ის დეპუტატები, რომელთა დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში იყო…“ – ამასაც გაუსვა ხაზი მარიკა არევაძემ.

28 ოქტომბრის თარიღზე გაამახვილა ყურადღება ნიკა გვარამიამაც. ის პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია და მოსამართლეებს თავდაპირველად ის უთხრა, სოხუმში რომ იზრდებოდა და ვერაფრით წარმოიდგენდა, 1990 წლიდან 36 წლის გასვლის შემდეგ მრავალპარტიულობის გაუქმების საქმეს განიხილავდა ვინმე საქართველოში.

„მაგრამ 36 წლის შემდეგ საქართველოში ინვერსიულად ვითარდება პროცესი – მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ და შემდეგ ის მოქმედი პოლიტიკოსები დაასახელა, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოაწერეს ხელი, მათ შორის, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი…

„ესენი ყველა აიკრძალება… ეს იქნება კომუნისტური რევანში 36 წლის შემდეგ, თუმცა მე არ მინდა წინასწარ გავუსწრო მოვლენებს…

თენგიზ შარმანაშვილი არ ესწრება დღევანდელ სხდომას „ოცნებიდან“, მისი პარტია, სხვათა შორის, 1990 წელს არ მონაწილეობდა არჩევნებში, ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, მაგრამ კომუნისტებსაც კი, ამის გამო არ აუკრძალავთ…“ – თქვა ნიკა გვარამიამ და სასამართლოს მიმართა: ახლა ყველა ფაქტორს ჩამოვთვლი, რაც დაადასტურებს, რომ პირიქით, „ქართული ოცნებაა“ ასაკრძალიო.

ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს არა საკუთარი, ან სხვა პოლიტიკოსების დასკვნები, არამედ მხოლოდ საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებზე ესაუბრა, რაც ავლენს „ოცნების“ ბრალეულობას. მაგალითად, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მიხედვით, თბილისში აქციების „დარბევები წამების ზღვარს აღწევდა და იკვეთება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, ანუ დამნაშავეთა სრული დაუსჯელობა.“

იგივე „მოსკოვის მექანიზმის“ თანახმად, თბილისში, 2019 წელს, ასევე 2023-24 წლებში ადგილი ჰქონდა „მასობრივ ძალადობას, ან არაკონვენციური იარაღის გამოყენებას“.

„ანუ ქიმიური იარაღის გამოყენებას… ამ დროს ჩვენ გვედავებიან სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებდნენო… „ოცნების“ დამკვიდრებულია ძალადობის ნორმალიზება და მისი წახალისებაც,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ახსენა ასევე ევროკავშირის შეფასებები, რომ „საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელით“.

გვარამიამ ახსენა ჩორჩანას საგუშაგოც, რის გამოც „ოცნების“ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას სისხლის სამართლის მუხლით ბრალიც აქვს წარდგენილი.

„მაგრამ ეს საქმე აჩვენებს იმას, რომ საკუთარი თავისთვის აქვს პრეტენზია წარდგენილი, გამოდის, რომ წლებია ირღვეოდა ტერიტორიული მთლიანობა.

თუ ვინმე აღვივებს სოციალურ შუღლს, ესეც ნამდვილად არის „ქართული ოცნება“.

ასე რომ, აკრძალვის ყველა კრიტერიუმს, რაც კანონითაა განსაზღვრული, ნამდვილად აკმაყოფილებს „ოცნება“, მაგრამ ჩემი ამოცანა არაა „ოცნების“ გაუქმება. მე ამას არ მოვითხოვ. ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე მიუღებელ პარტიასაც კი აქვს არსებობის უფლება. იმის წარმოჩენა მინდოდა, რომ საქმე გვაქვს შერჩევით მიდგომასთან და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან,“- თქვა ნიკა გვარამიამ.

საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 29 ოქტომბერს ისევ ნიკა გვარამიას მოსმენით განახლდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, მეგობრებო 28 ოქტომბერია, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა,“
გიორგი ლემონჯავა
„სამწუხაროა, რომ დღეს მრავალპარტიული სისტემის გაუქმებაზე გვიწევს მსჯელობა,“
მაია კოპალეიშვილი
„მათ თქვეს, რომ პარტიების გაუქმებით ქვეყანას უნდა აარიდონ საფრთხე… მაინტერესებს, მაგალითად, მე რა საფრთხეს წარმოვადგენ ქვეყნისთვის? მუდმივად ვიბრძოდი და ვიბრძვი სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის… მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ,“
მაია კოპალეიშვილი
„მაგრამ იქ საუბარი იყო აგრესორ რუსეთთან დადასტურებულ კავშირებზე, ფინანსურ მხარდაჭერაზე, ჩვენთან კი, საუბარია პროდასავლური პარტიების აკრძალვაზე,“
მაია კოპალეიშვილი
„მოახლოებული საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე. ეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია,“
მაია კოპალეიშვილი
„მხარეს აქვს უფლება იცოდეს, რას ედავებიან,“
მაია კოპალეიშვილი
„დასკვნაში მითითებული ფაქტები დადგენილი არ არის. მათი გამოკვლევა სასამართლოს თავად ევალება, ჩვენი პირველი შუამდგომლობა ეს იყო, რომ ეს ფაქტები გამოკვლეულიყო, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა,“
მაია კოპალეიშვილი
„კომისიის მასალები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას კი, იურიდიული ძალა არა აქვს,“
მაია კოპალეიშვილი
„საბჭოთა რევანშზე საუბარი არ გვინდა. გადადით საქმეზე,“
რევაზ ნადარაია
„არსად არ იყო მოწოდება ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ…“
თენგიზ თევზაძე
„ძალადობის მუხლით არცერთი სისხლის სამართლლებრივი ბრალდება არ წარდგენილა,“
თენგიზ ცერცვაძე
„სარჩელში არაა მითითებული გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ რომელიმე პარტია მომხრეა სუვერენიტეტის დარღვევის, დამოუკიდებლობის ხელყოფის… ან არის უცხო ძალის გავლენის ქვეშ,“
თენგიზ ცერცვაძე
„ცალკეული პირის მიერ აქციაზე ჩადენილი ძალადობა პარტიას ვერ მიეწერება, თუ ის პარტიას არ დაუორგანიზებია…“
თენგიზ ცერცვაძე
„იქ, სადაც შეჭრა ნამდვილად მოხდა, დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არავის მოუთხოვია პარტიის აკრძალვა,“
მაია კოპალეიშვილი
„ქალბატონო ევა, თქვენი სტატია მაქვს წაკითხული, სადაც თქვენ მყისიერი საფრთხის ტესტს აღწერთ. თქვენ აღნიშნავთ, რომ ამერიკული სტანდარტი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაში არის უფრო მაღალი, ვიდრე ევროპული… აქ ისაა საკითხი, რომ ეს ქმედება მიაწერონ პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეჭრის მცდელობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დადგენილია ტესტი, რომელიც დაადგინა, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ,“
მაია კოპალეიშვილი
„დიახ, მაინც დაცულია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ვმოქმედებთ კეთილსინდისიერად,“
გიორგი ლემონჯავა
„რა გამოდის, პარლამენტმა ხელი შეუწყო ანტიკონსტიტუციურ ქმედებას?“
გიორგი ლემონჯავა
„ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას, ეწინააღმდეგება იმას, რასაც მოსარჩელის მთავრობები წლების განმავლობაში იცავდნენ… აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია იყო მხოლოდ ერთი: რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და ეს პოზიცია 2012 წლის შემდეგაც არ შეცვლილა. საერთაშორისო სასამართლოებში „ოცნების“ მთავრობის პერიოდშიც ამ პოზიციას იცავდა საქართველო,“
გიორგი ლემონჯავა
„რა შუაშია ახლა ეს?… ლავროვის განცხადებები რაში აინტერესებს სასამართლოს?“
რევაზ ნადარაია
„რა მოჰყვება ამ სარჩელის დაკმაყოფილებას, ხომ უნდა იცოდეთ?“
გიორგი ლემონჯავა
„სასურველია, გვესაუბროთ ისეთ რამეზე, რაც ასახვადია,“
ვასილ როინიშვილი
„ეს არის ამ სარჩელის მთავარი ნაღმი და უბედურება პოლიტიკური, სამართლებრივი და ისტორიული. ამით მოხდება რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება“
გიორგი ლემონჯავა
„ყველაფერს საზღვარი აქვს,“
არჩილ გორდულაძე
„გვითხარით უკვე,“
რევაზ ნადარაია
„ადამიანს როცა ეღიმება, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დაცინვის გამო ეღიმება,“
ვასილ როინიშვილი
„კომისიის დასკვნა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს საბოლოოდ დადგენილად აფასებს,“
ევა გოცირიძე
„თავდაცვისუნარიანი დემოკრატია – ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა გერმანიაში იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ მუშაობდნენ… მოსარჩელე არასწორად იყენებს ამ კონცეფციას,“
მაია კოპალეიშვილი
„პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ეს ტერმინიც გვხვდება „ოცნების“ სარჩელში… სამი რამ უნდა დამტკიცდეს ამ დროს: განზრახვა, ძალადობის მოახლოებული საფრთხე და არა რიტორიკა, დასაბუთებული კავშირი ძალადობას, ან მის მოახლოებულ საფრთხეს შორის,“
მაია კოპალეიშვილი
„პოლიტიკური შეფასებები და პოზიციები არ არის დამხობა, ეს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებაა… არც ეს შეფასება „არჩევნები გაყალბდა“ არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციური წყობილების ჩამოშლისკენ მოწოდებაა,“
გიორგი ლემონჯავა
„ეს საერთაშორისო შეფასებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის პოზიციები კეთილსინდისიერია და ობიექტური. საერთაშორისო გამოხმაურება ასევე ადასტურებს იმას, რომ გვაქვს რეალობა, როცა ვენეციის კომისიაც ბოიკოტს დასაშვებად მიიჩნევს. ეს შეფასებები მოსარჩელემ თავად მიუთითა სარჩელში, მაგალითად, ეუთოს დასკვნა, ამიტომაც, ვერ იტყვის, რომ ჩვენი მხრიდან არაღიარება ფაქტებისგან დაცლილია,“
გიორგი ლემონჯავა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება - რა სამართლებრივი არგუმენტებით პასუხობს "ქართული ოცნება" ოპოზიციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები