“ადგილი მოეწონათ და სკოლის ადგილზე დიდი ალბათობით კორპუსი აშენდება” – ზვიად ტომარაძე
ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში არსებულ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, თბილისში ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მოიწამლნენ, 21-ე საჯარო სკოლის შენობა კი ავარიულობის მიზეზით დასანგრევად იგეგმება, რის ადგილზეც კორპუსის აშენებას ვარაუდობს. იგი ასევე აკრიტიკებს სკოლების სარემონტო სამუშაოების დაგვიანებას და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რთულ პირობებს.

ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. ანუ ბავშვები მოიწამლნენ უვარგისი საკვების მიღების გამო…
ასევე თბილისში ვერაზე, 21-ე საჯარო სკოლის 1200 მოსწავლისთვის სწავლა სტანდარტულად დაიწყო. თუმცა მშობლებმა და ბავშვებმა გუშინ გაიგეს, რომ შენობა თურმე ავარიული აღმოჩნდა და მის დანგრევას აპირებენ.
ანუ რესტავრაციას კი არა, დანგრევას აპირებენ! ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ადგილი მოეწონათ და სკოლის ადგილზე დიდი ალბათობით კორპუსი აშენდება…
სასწავლო წელი ისე დაიწყო რომ 11 სკოლა დისტანციურ სწავლაზეა, რადგან დროულად ვერ გაარემონტეს ან არ ააშენეს! სამაგიეროდ დისტანციურ სწავლაზე არ გადაიყვანეს კლასიკური გიმნაზია (I სკოლა), სადაც მთელი რუსთაველი გადათხრილია და სწავლისთვის რთული და საფრთხის შემცველი პირობებია, საცობებით ისედაც გადატვირთულ ქალაქში, ბუღი, მტვერი, ტალახი, ორმოები… გუშინ და დღეს მაგალითად წყალი არ იყო…
რბილად რომ ვთქვათ, ქალაქშიც და ქვეყანაშიც ყველაფერი ჩაოხრებულია და ინერციით მიდის, ქართველი ერის და მომავალი თაობის გადაშენება მიზანმიმართულად მიმდინარეობს!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.