POLITICO: საფრანგეთში 400 ათასამდე არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციის კანონის მიღებას გეგმავენ
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში „სოციალისტური პარტიის“ ინიციატივას უყრიან კენჭს, რომელიც ქვეყანაში 400 000-მდე არალეგალურად დასაქმებული მიგრანტისთვის მუშაობის უფლებისა და ლეგალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში „სოციალისტური პარტიის“ ინიციატივას კენჭს უყრიან, რომელიც ქვეყანაში მუშაობის უფლებისა და ლეგალური სტატუსის მინიჭებას 300 000-დან 400 000-მდე არალეგალურად დასაქმებული მიგრანტისთვის ითვალისწინებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტის ავტორები ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მსგავს მიდგომას ემხრობიან.
ინიციატივის ავტორი „სოციალისტი“ დეპუტატი პოლ კრისტოფლია. კანონპროექტში დადებითად არის შეფასებული ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა შეექმნა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ესპანეთმა მიმდინარე წლის დასაწყისში ნახევარ მილიონამდე არალეგალურად მყოფი მიგრანტისთვის სტატუსის დაკანონების გეგმა დაამტკიცა. ამისთვის მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ ესპანეთში სულ მცირე, ხუთი თვე ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დასაქმების ან ოჯახური კავშირის დამადასტურებელი საბუთი და ნასამართლევი არ იყვნენ.
საფრანგეთის სოციალისტების ინიციატივა შეეხება იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მუშაობენ, თუმცა შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ.
კანონპროექტს, სავარაუდოდ, მემარცხენე დეპუტატები დაუჭერენ მხარს, თუმცა მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგობის გამო, მისი მიღება ნაკლებად მოსალოდნელია.
ინიციატივას მხარს უჭერს ცენტრისტულ-მემარცხენე ფლანგის საპრეზიდენტო კანდიდატი რაფაელ გლუკსმანი, რომელსაც სურს, პოლიტიკურ დებატებში განსხვავებული პოზიცია დაიკავოს როგორც ცენტრისტი კონკურენტების - გაბრიელ ატალისა და ედუარ ფილიპის, ისე რადიკალური მემარცხენე ფრთის წარმომადგენლის, ჟან-ლუკ მელანშონის მიმართ.
გლუკსმანის საარჩევნო გუნდი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის განხილვა წარმოაჩენს განსხვავებებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდამჭერ პოლიტიკოსებსა და იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც ის 2022 წელს აირჩიეს და რომელთა ნაწილიც, მათ შორის მიგრაციის საკითხზე, უფრო პროგრესულ პოზიციებს უჭერს მხარს.
გლუკსმანის მხარდამჭერი ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მიგრაციის საკითხზე დებატები, კანდიდატს მემარჯვენე-ცენტრისტის ედუარ ფილიპისგან გამიჯვნის საშუალებას მისცემს. ფილიპი მიიჩნევს, რომ მიგრანტებისთვის ამნისტია ევროპულ შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს.
კანონპროექტის კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…