Politico: საბინაო კანონპროექტების ჩავარდნის შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას განიხილავს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას განიხილავს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საბინაო კანონპროექტები ჩააგდო. ინიციატივები მიზნად ისახავდა სპეკულაციების შეზღუდვას და დამქირავებელთა დაცვას, რასაც ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი უძღოდა წინ. სანჩესი შესაძლოა ცდილობდეს საცხოვრებლის კრიზისის თემის გამოყენებას პოლიტიკური კრიზისის ფონზე.

პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა პარლამენტში განცდილი მარცხი გამოიყენოს და საარჩევნო კამპანია სწორედ საცხოვრებლების საკითხზე ააგოს - წერს Politico.
როგორც მედია წერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სულ უფრო რეალურად მიიჩნევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ეს შესაძლოა 29 ნოემბერს მოხდეს, იმ ფონზე რაც პარლამენტმა პარასკევს ორი საკვანძო საბინაო კანონპროექტი ჩააგდო.
სანჩესის მთავრობამ კანონპროექტები სამშაბათს წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავდა სპეკულაციური შეზღუდვას - გამოსახლებისგან დაცვის ვადის 2030 წლამდე გახანგრძლივებას და არსებული საიჯარო ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას.
გადაწყვეტილება, 87 წლის მარიკარმენ აბასკალის იმ ბინიდან გამოსახლებას მოჰყვა, სადაც ის 1956 წლიდან ცხოვრობდა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.
თავდაპირველად იყო მოლოდინი, რომ პარლამენტში მინიმუმ ერთი კანონპროექტის მისაღებად საკმარისი მხარდაჭერა არსებობდა.
თუმცა, ხუთშაბათს გვიან საღამოს, კატალონიურმა პარტიამ, რომელიც მეპატრონეთა უფლებებს იცავს, განაცხადა, რომ ორივე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა.
სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ კანონპროექტებს უკან არ გაიხმობდა და საპარლამენტო კენჭისყრა გარდამტეხ მომენტად შეაფასა: "ჭეშმარიტების საათი დადგა", - დაწერა მან და დასძინა, რომ კანონმდებლები ვალდებულნი იყვნენ, მიეცათ ხმები ცვლილებებისთვის.
საპარლამენტო სხდომამდე წყაროებმა ესპანურ გამოცემას განუცხადეს, რომ სანჩესი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ფიქრობდა.
ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა განაცხადა, რომ სანჩესს ესაუბრა და ვადამდელი კენჭისყრის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
როგორც Politico წერს მზარდია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი - რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება სეუტას ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავში მიგრანტთა მასობრივი ნაკადის გამო მიმდინარე კრიზისის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებსა და ახლო პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაკავშირებული კორუფციული საქმეების გამო - შესაძლოა შეეცადოს, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად ხელსაყრელი მომენტი შეარჩიოს.
იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებლის საკითხი ესპანელების მთავარ საზრუნავს შორის ლიდერობს, სანჩესი, ცდილობს, ხალხის უკმაყოფილება გამოიყენოს და ოპოზიცია კრიზისის მოგვარების გზაზე მთავარ დაბრკოლებად წარმოაჩინოს.
დღეს გამართულ სხდომას ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები უძღოდა წინ - ესპანეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღაა.
სხდომის დაწყებისთანავე მადრიდში დემონსტრანტები პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც შენობის დასაცავად 1000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.
"ესპანეთის დამქირავებელთა კავშირი", რომელიც პროტესტს უძღვება პირობას დებს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს მანამ არ დატოვებს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ესპანეთის მთავრობამ უარი განაცხადა მადრიდის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების თხოვნაზე, გაეთავისუფლებინათ მოედანი. რეგიონის ცენტრისტულ-მემარჯვენე პრეზიდენტმა ისაბელ დიას აიუსომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ სანჩესის მთავრობას მადრიდში პროტესტის დაშლა დაევალოს. სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.
ციტატები სტატიიდან
„ჭეშმარიტების საათი დადგა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.