„იმედისა“ და რ2-ის FB გვერდებზე 445 ყალბი ანგარიში გამოვლინდა, რომელთა უმრავლესობაც ორ დღეში შეიქმნა – მითების დეტექტორი
„მითების დეტექტორის“ ცნობით, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქგვერდებზე 445 ყალბი ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც ხელისუფლების ლიდერების გზავნილებს კოორდინირებულად იწონებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, არაავთენტური პროფილების უმრავლესობა სულ რაღაც ორ დღეში შეიქმნა.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქ გვერდებზე დაკვირვების ფარგლებში კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის კონსპირაციულ და ანტიევროპულ პოსტებს კოორდინირებულად იწონებენ და სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის იმიტირებას ქმნიან.
„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ანგარიშების უმრავლესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 ანგარიში 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი 26 აგვისტოს. ერთი ანგარიში 2026 წლის 20 ივლისს არის შექმნილი, ექვსი კი 2024 წლის იანვარსა და აპრილში. ამ ექვსი პროფილიდან ყველა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადამიანების იდენტობას იპარავს.
მათივე ცნობით, გამოვლენილი 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებაა. 129 პროფილის შემთხვევაში კი ცნობილი ადამიანების, პეიზაჟების, პოსტერებისა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების გამოსახულებებია.
„იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქ პოსტების რეაქციების ანალიზი აჩვენებს, რომ საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად რამდენიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახი კალაძე) სტრატეგიულ გზავნილებზე ხდება, გამონაკლისის სახით კი, მნიშვნელოვან სამთავრობო განცხადებაზე (საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტიების აკრძალვის პროცესზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ), პირის (ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიულ ღონისძიებაზე) და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის (ზაზა შათირიშვილი) კონსპირაციულ და ანტიდასავლურ გზავნილებზე“, – აცხადებს „მითების დეტექტორი“.
„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ასევე გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა შემდეგი გზავნილების მხარდაჭერის გასაძლიერებლად:
ოპოზიციის წინააღმდეგ და პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის მხარდასაჭერად გზავნილების მოწონება ირაკლი კობახიძის (რუსთავი 2, იმედი, იმედი) და კახი კალაძის (იმედი) სამთავრობო მედიის პოსტებზე გამოიკვეთა.
ყალბი ანგარიშები მობილიზებული იყვნენ „რუსთავი 2-ის“ პოსტზეც, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებდა, ასევე მიუთითებდა იმ ნეგატიურ გავლენაზე, რომელიც შესაძლოა ასეთ შეფასებებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე მოეხდინა.
არაავთენტური ანგარიშები მოწონებებით ამყარებდნენ პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის იმ გზავნილებს, რომლებიც ამკვიდრებდა აზრს, რომ უცხოური ჩარევა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს მტრული ქმედებაა და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვისკენაა მიმართული (იმედი); რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია (იმედი); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სუვერენიტეტს ზღუდავს (რუსთავი 2; იმედი); ევროკავშირს წარმომადგენლობის განცხადება (მოსახლეობის მხარდამჭერი დაფინანსების შესახებ) სახელმწიფოებრიობას გვიუქმებს (რუსთავი 2); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება მცდარია (იმედი).
ყალბი ანგარიშები ასევე კოორდინირებულად იწონებდნენ ირაკლი კობახიძის (იმედი), შალვა პაპუაშვილის (რუსთავი 2) და კახი კალაძის (რუსთავი 2) იმ პოსტებს, სადაც საფრანგეთსა და ევროპულ ქალაქებში პროტესტების დაშლის დროს გამოყენებული მეთოდების საპირწონედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე დასავლეთის კრიტიკული განცხადებები და ზოგ შემთხვევაში მიღებული სანქციებიც იყო დასახელებული.
„მითების დეტექტორის“ ცნობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის პოსტებზეც კოორდინირებულად ხდებოდა. კერძოდ, ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად იწონებდნენ შათირიშვილის იმ პოსტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე „დიფ სთეითის“ გავლენას (იმედი, რუსთავი 2); ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრების მცდელობას, არასამთავრობოების მეშვეობით ქვეყნის მიტაცებას და ივანიშვილისთვის ოლიგარქობის დაბრალებას (იმედი, რუსთავი 2); ასევე კონსერვატიული შეხედულებების ცენზურას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას (იმედი) შეეხებოდა.
ფოტო: „მითების დეტექტორი“
„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ივანიშვილთან დაკავშირებული ბოლო პოსტი, რომელსაც სახელისუფლებო ტელეიმედის ფეიქსბუქზე ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად იწონებდნენ, 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასწრების ფაქტს შეეხებოდა.
ფოტო: „მითების დეტექტორი“
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქ პოსტების რეაქციების ანალიზი აჩვენებს, რომ საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად რამდენიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახი კალაძე) სტრატეგიულ გზავნილებზე ხდება, გამონაკლისის სახით კი, მნიშვნელოვან სამთავრობო განცხადებაზე (საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტიების აკრძალვის პროცესზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ), პირის (ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიულ ღონისძიებაზე) და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის (ზაზა შათირიშვილი) კონსპირაციულ და ანტიდასავლურ გზავნილებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…