აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს
აშშ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი ჯაშუშობისა და ბავშვის გაჩენის მიზნით მოგზაურობის რისკებია.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ში ბავშვის გაჩენის მიზნით მოგზაურობას და ეროვნული უსაფრთხოების რისკების შექმნას.
გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შექმნილ პროგრამას ეხება, რომელიც წინასწარ შემოწმებულ ჩინეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ვიზის გარეშე, 14 დღემდე ვადით სტუმრობის უფლებას აძლევდა.
გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) შეშფოთების მიზეზებად დაასახელა პროგრამის შესაძლო გამოყენება ბავშვის გაჩენის მიზნით მოგზაურობისთვის, ჯაშუშობისთვის და ახლომდებარე გუამზე არალეგალურად გადასასვლელად. გუამი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრია.
"ამერიკა არ არის ბაგა-ბაღი, სადაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოქალაქეობა უნდა მოიპაროს. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!", - წერს სენატორი მაიკ ლი.
პროგრამის შეჩერება 30 ოქტომბერს, აღმოსავლეთის დროით 14:00 საათზე ამოქმედდება. გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც ახალ განმცხადებლებზე, ისე იმ მოგზაურებზე, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობა უკვე დაუმტკიცდათ.
პირებს, რომლებიც ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე პროგრამის ფარგლებში უკვე იმყოფებიან, ქვეყანაში ყოფნის ნებადართული ვადის ამოწურვამდე დარჩენა შეეძლებათ. თუმცა, მომავალში კუნძულებზე ხელახლა ჩასასვლელად მათ ვიზის მიღება მოუწევთ, თუ სხვა კანონიერი გამონაკლისი არ გავრცელდება.
ციტატები სტატიიდან
„ამერიკა არ არის ბაგა-ბაღი, სადაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოქალაქეობა უნდა მოიპაროს. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…