„გმირობები" უკრაინაში, „საამაყო" რუსეთი - ამ თემებზე ფილმებს რუსეთის სახელმწიფო დააფინანსებს
რუსეთის კულტურის სამინისტროს ახალი პროექტით, სახელმწიფო დააფინანსებს ფილმებს უკრაინაში მეომართა „გმირობაზე“, „საამაყო“ რუსეთსა და ტრადიციულ ღირებულებებზე. კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას ცნობით, 2027-2029 წლებში კინოს დასაფინანსებლად 47,8 მილიარდი რუბლი დაიხარჯება.

„პრიორიტეტული თემების“ ჩამონათვალს მოიცავს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც რუსეთის ნორმატიული სამართლებრივი აქტების რეესტრში შეიტანეს.
პროექტში დასახელებულია ათზე მეტი თემა, რომელთა კინოში ასახვითაც რუსეთის სახელმწიფოა დაინტერესებული.
რა შინაარსის ფილმები სურს კრემლს
„პრიორიტეტულ თემებს" შორისაა რუსეთის კულტურა და ისტორია, „რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნება, შექმნა და გავრცელება“, პატრიოტიზმი და რუსული კლასიკა და ფოლკლორი.
სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად პრიორიტეტი მიენიჭება ფილმებსაც თანამედროვე რუსეთზე, როგორც „სტაბილურ და უსაფრთხო სახელმწიფოზე, რომელიც განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს იძლევა“.
ასეთმა ფილმებმა, პროექტის თანახმად, „სიამაყის გრძნობა უნდა გამოიწვიონ“ და რუსეთის რეგიონების და მთლიანად სახელმწიფოს „მიმზიდველობა აამაღლონ“.
ომი უკრაინაში
რუსეთის კულტურის სამინისტროს პროექტის ერთ-ერთი პუნქტი ეხება უკრაინაში ომს, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს“.
ფილმებში, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ, ასახული უნდა იყოს „მეომრების გმირობა და თავგანწირვა. კაზაკების და ინტერნაციონალური ბატალიონების როლი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას“.
რუსეთის კულტურის სამინისტრო სცენარისტებს და რეჟისორებს ასევე სთავაზობს, აჩვენონ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანთა წარმატებული ინტეგრაცია მშვიდობიან ცხოვრებაში“ და რუსეთი წარმოაჩინონ „ანტიკოლონიალური მოძრაობის ფუძემდებლად“.
რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ ჩამონათვალშია „საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილიზაციაში რუსეთის ტრადიციული როლიც" და საგარეო დაზვერვის „წარმატებები“.
საბავშვო ფილმებში აქცენტი უნდა გაკეთდეს „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების, ოჯახის ინსტიტუტისა და მრავალშვილიანი ოჯახების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე“.
რუსეთის სახელმწიფო 2027-2029 წლებში ეროვნული კინოს დაფინანსებას გეგმავს 47,8 მილიარდი რუბლით. კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას განცხადებით, ამ დაფინანსებამ ეროვნულ კინოგაქირავებაში რუსული ფილმების მაყურებელთა წილი 56%-მდე უნდა გაზარდოს.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვა თითქმის ყველა მსხვილმა კინოკომპანიამ. მათ შორის მსოფლიო კინოწარმოების გიგანტებმა, Warner Bros., Sony, Disney, Universal, Paramount, რომელთა ნაწარმსაც რუსული კინობაზრის 80% ეკავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…