,, ძალიან ვწუხვარ, რომ არც თუ მცირე მონაწილეობა მივიღე სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში” – გია ხუხაშვილი
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, იგი ძალიან წუხს საკუთარ მონაწილეობაზე სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშორებაში და ამას შეცდომად აფასებს. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების ფონზე წარსული უვნებელ თამაშებად ჩანს, თუმცა მთავარ დამნაშავედ მაინც სააკაშვილი მიაჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლას, სადაც მან ნაცმოძრაობის მმართველობისას მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა, ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,კარგი კაცია ზაზა ბიბილაშვილი.
მეც ვადასტურებ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში დაიბადა ქართული სახელმწიფო, დამყარდა ინსტიტუციური წესრიგი, სადაც ეს შესაძლებელი იყო აღდგა ხელისუფლების იურისდიქცია, განისაზღვრა ერთადერთი სწორი, დასავლური გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, საშუალო და დაბალ დონეზე პრაქტიკულად აღმოიფხვრა კორუფცია.
არ შეიძლება ამის არ დანახვა და დაუფასებლობა, რამდენიც არ უნდა ეცადოს მავანი ისტორიის გადაწერას და საკუთარ ინტერესებზე მორგებას.
სამწუხაროა, რომ ხელისუფალმა, 2007-2011 წლებში ირწმუნა რა საკუთარი შეუმცდარობის, მოირგო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციის მანტია, დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება, “კეთილი მიზნებით” გამოაცხადა “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ნაწილობრივ დაარღვია თავისივე შექმნილი ინსტიტუციური წესრიგი, მოახდინა მედია-სივრცის ფაქტობრივი მონოპოლიზაცია, რითაც საბოლოო ჯამში თვითონვე მიიყენა მძიმე თვითდაზიანება და ფატალურად დაამთავრა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, არსებული ხელისუფლების ქმედებების ფონზე, ის ყველაფერი უვნებელ თამაშებად მეჩვენება და ძალიან ვწუხვარ, რომ არც თუ მცირე მონაწილეობა მივიღე სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში.
ვაღიარებ ჩემს შეცდომას, თუ გნებავთ დანაშაულს, მაგრამ ისტორიის ასეთი მიმართულებით განვითარების მთავარ დამნაშავედ მაინც თვითონ სააკაშვილი მიმაჩნია, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო.”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…