ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაეუთო

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მოწმედ გამოძახებაზე უარი თქვა. პროცესზე ენმ-ის წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილსა და პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობასა და კონსტიტუციურ წყობილებაზე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა
„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკაბათუმელები

„ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე“ 26 ოქტომბრის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ბოლო, მე-14 შუამდგომლობაზე საუბრით დაიწყო.

26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ეს დასაშვებად მიიჩნია „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ სასამართლოს წინა სხდომაზე.

ამ პროცესის მიმდინარეობისას ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციომ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიის შუამდგომლობა.

საუბარია მოწმეების სახით ბიძინა ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წევრების სასამართლოში წარმოდგენაზე, რომლებიც, მაგალითად, 20 ივნისის აქციის შემდეგ გახარიას გაპრემიერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და აქებდნენ. პლენუმის გადაწყვეტილებით, საქმეს უნდა დაერთოს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი მასალები, ანუ საჯაროდ გავრცელებული კომენტარები და განცხადებები. „ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვაზე კი, საკონსტიტუციოს პლენუმმა ერთხმად უარი თქვა.

რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ის დაასახელა, რომ „ოცნება“ გახარიას რომ მხარს უჭერდა და, მათ შორის, ჩორჩანას ეპიზოდის შემდეგ გახარია პრემიერი გახდა, ეს „შემდგარი, უდავო ფაქტია“, რასაც მოწმე არ სჭირდება.

ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის წინა დღეებისგან განსხვავებით, 26 ოქტომბერს პროცესზე საგრძნობლად შემცირდა დამსწრეთა რაოდენობა – სასამართლოს დარბაზში ხალხი განახევრდა. აღარ ჩანან არც „ოცნების“ აქტივისტები.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელმა მოსამართლემ, ვასილ როინიშვილმა ისაუბრა საქმის ძირითად გარემოებებზე, რასაც სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. შემდეგ კი ტრიბუნა არჩილ გორდულაძემ დაიკავა – დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.

გორდულაძემ დასაწყისშივე ივანიშვილის პარტიის რიტორიკას არ უღალატა და „ევრობიუკრატია“ და ვენეციის კომისია გააკრიტიკა – უკრაინასა და მოლდოვაშიც აკრძალეს პარტიები, მაგრამ არცერთ შემთხვევას არ გამოხმაურებიან, მარტო საქართველოში ამჩნევენ პარტიების აკრძალვასო.

იმის საილუსტრაციოდ, რომ თითქოს ხუთივე პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ეს პარტიები „ერთიანი სტრატეგიით“ მოქმედებენ, „არჩევნების დისკრედიტაციას ახდენენ“, და, ასევე, „დასავლეთს სანქციების დაწესებას სთხოვენ“.

თუ არჩევნები გაყალბდა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, თუ არა პროტესტი ერთიანი სტრატეგიით? – ამაზე გორდულაძეს არაფერი უთქვამს.

გორდულაძეს არ დაუსაბუთებია, რატომაა, მაგალითად, ოპოზიციის ერთიანი სტრატეგიით მოქმედება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„ოცნება“ ძველ თუ ახალ პარტიებს ედავება იმასაც, რომ ისინი არ გაემიჯნნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სისტემურად ჩადენილ დანაშაულებს, ან, მაგალითად, ალეკო ელისაშვილს, რომელიც ტერორიზმის მუხლით უკვე გაასამართლეს.

„დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამო“, ამ დროს სიტყვა „რეჟიმის“ ხსენების გამო მაშინ არავინ დაუჯარიმებიათ, ან დაუპატიმრებიათ…“, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ზაზა ბიბილაშვილმა, პირველ რიგში, ისაუბრა იმაზე, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების და მთავრობის კრიტიკის გამო ოპოზიციის აკრძალვა სამართლებრივი აბსურდია.

მან პლენუმს მოსამართლე მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობა გაახსენა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ კობახიძემ სასამართლო დატოვა. მანანა კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზეც მუშაობდა, მაგრამ სასამართლოს არ დაუნახავს მანანა კობახიძის თვითაცილების საფუძველი.

„თქვენ სარჩელს პასუხობთ, თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ?… თქვენ ირიბად შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს,“- მიმართა ოპოზიციონერს პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, შედეგი იქნება ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“- ზაზა ბიბილაშვილმა „ოცნების“ სარჩელის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება – ჩანაწერზე, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში პრაქტიკულად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ანუ საქართველოა დადანაშაულებული.

თუმცა აქ არა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მაშინ შეაჩერა, როცა მან „საქართველოში ერთი ადამიანის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებაზე“ ისაუბრა: „საქართველოში უკვე დამხობილია კონსტიტუციური წყობილება“, – პლენუმს მიმართა ზაზა ბიბილაშვილმა, ხოლო როცა რევაზ ნადარაიამ უთხრა, თავი შეიკავეთო, ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ „კონკრეტულ ანგარიშებს ციტირებს“ და მას ამის უფლება აქვს.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა, სადაც ახლა სხედხართ, წლების წინ ამ შენობაში ასლან აბაშიძე იჯდა, არ ექვემდებარებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ჩვენ რომ არ გვემოქმედა, აქაურობას ალბათ რუსული ჯარი დაიცავდაო.

მან აჭარა, ჯავახეთი, პანკისი და სვანეთი სხდომაზე იმ კუთხით ახსენა, რომ ენმ-მ ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია კი არა, სწორედ წინა ხელისუფლებამ შეძლო კონკრეტული რეგიონების რეინტეგრაცია, შემომტკიცება და რეალური განვითარებაო.

„როცა „ოცნება“ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ეს სიცრუეა… ოკუპაცია დაიწყო 1992-93 წლებში, როცა მოხდა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია სრულად და აფხაზეთი, სადაც მომხდარი ეთნოწმენდად შეაფასეს საერთაშორისო ინსტიტუტებმა…,“- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი – „ოცნების“ მორიგ ბრალდებაზე გადაერთო ზაზა ბიბილაშვილი.

„ვარდების რევოლუციამდე“ იყო შეკვეთილი მკვლელობები: ასათიანი, სანაია… შეკვეთილი მკვლელობები არის დღესაც, ფარცხალაძე არ მინდა ვახსენო, მაგრამ იგივე ლევან კაჭარავას საქმე…“- თქვა ზაზა ბიბილაშვილმა და რამდენიმე ცვლილება გაიხსენა, რამაც ადამიანების ცხოვრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რადიკალურად შეცვალა: შუქის პრობლემის მოგვარებიდან დაწყებული, საჯარო რეესტრის რეფორმით დასრულებული.

ზაზა ბიბილაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა პრეცედენტი ამ ქვეყანაში პირველად, არჩევნების გზით წასულიყო ხელისუფლებიდან მმართველი პარტია.

„ვინ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას?“ – შეკითხვა დასვა და „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს გახედა ზაზა ბიბილაშვილმა.

მან „ოცნების“ მიერ ელჩებზე თავდასხმები გაიხსენა: „ელჩი ხომ ისედაც უცხო ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ ესენი ასე გვიყვებიან: აი, უცხო ქვეყნის ელჩებისგან მიიღეს ინსტრუქციაო… არადა იმ დღეს ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) შეხვდა უცხო ქვეყნის 2 ელჩს…“, – მახვილი ბიბილაშვილმა „უცხოზე“ დასვა.

მან ეუთოს კრიტიკული შეფასებაც გაახსენა „ოცნების“ დეპუტატებს, პარტიების აკრძალვის საქმეზე.

„თურმე, ეუთოს შეფასება „გაუგონარი ამბავია“ და „ზეწოლა ხდება სასამართლოზე“, ამ დროს ირაკლი კობახიძე ამბობს: დღეების საკითხია მხოლოდ პარტიების საბოლოო აკრძალვამდეო“,- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ეს არ ეხება სარჩელზე პასუხს“,- ირაკლი კობახიძის ხსენების დროსაც შეაჩერა რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა, რომ მოპასუხე თავად განსაზღვრავს, რა ფორმით წარმოადგენს შესაგებელს და რაზე გააკეთებს აქცენტს.

მან ზაზა ბედუკაძეც გაახსენა „ოცნების“დეპუტატებს, რომელიც 2012 წელს ციხის კადრების შემდეგ მოსკოვში დააჯილდოვეს, შემდეგ კი, დადასტურდა, რომ ციხის ცნობილი კადრებში ბევრი რამ იყო დადგმული.

ზაზა ბიბილაშვილმა გაიხსენა 2012 წლის 30 სექტემბრის შემთხვევაც – არჩევნების წინა ღამით, კახეთში, ქვევრში დაღუპული 9 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი იპოვეს. მაშინ ეს საქმე „ოცნებამ“ ორგანიზებულად გამოიყენა პროტესტისთვის, თავად საქმე კი, 14 წლის შემდეგაც, გამოძიებული არ არის.

„ოცნების“ ანტიკონსტიტუციურობას ხომ არ განვიხილავთ?… ჩვენც ცუდები ვართ, თქვენც ცუდები ხართ – ეს იქნება მიზანს აცდენილი ისრები“,- ენმ-ს წარმომადგენელს ამჯერად მოსამართლე ევა გოცირიძე გამოეპასუხა რეპლიკით.

„ეს ქალი მიყვარს,“- წამოიძახეს დარბაზიდან.

ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, შევამცირებ ჩემს სიტყვასო, თუმცა მაინც ჩამოთვალა რამდენიმე საქმე: მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რეალურად რუსეთის აგენტი – სკრილნიკოვი, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით, როგორ სცემენ და სდევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს ახალ საქართველოში, როგორ გამოიყენეს დავით გარეჯის თემა წინასაარჩევნოდ, მაგრამ „კარტოგრაფების საქმე“ არც კი გამოუძიებიათ, გარეჯში მოსანახულებლად შესვლა კი უკვე პრობლემაა… ჩამოაქციეს საყდრისი და გელათი…

„საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს საგამოძიებო ორგანოებს. ფაქტების დადგენა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაა,“ – ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე ვრცლად ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილმა.

„წულუკიანის დასკვნა“ „ოცნების“ სარჩელის მთავარი მტკიცებულებაა ოპოზიციის გაუქმების საქმეში. ბიბილაშვილი კი, ამბობს, წულუკიანის კომისიის სხდომაზე „არ გაჟღერებულა არცერთი სამართლებრივი ღირებულების მქონე ფაქტი“ და ასეთი რომ გაჟღერებულიყო, კომისიის დასკვნას საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნიდნენ.

„ეს სიცრუეა. კომისიის დასკვნა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებისთვის,“ – ამბობს არჩილ გორდულაძე, „ოცნების“ დეპუტატი, თუმცა ის ვერ ამბობს, საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის შემდეგ რა ბედი ეწია დასკვნას, იქ თუ გაჟღერდა „სამართლებრივი ღირებულების ფაქტი“.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა ისიც, რომ ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა – რაშიც „ოცნება“ ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ – სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ერთი საქმეა მხოლოდ ამ მუხლით ბოლო წლების განმავლობაში – „კარტოგრაფების საქმე“ და ისიც თაროზეა შემოდებული. ამიტომაც, ამ დასკვნაში რასაც ვკითხულობთ, არის მხოლოდ ბელეტრისტიკა,“ – დასძინა ზაზა ბიბილაშვილმა.

„იქ კონკრეტულ განაჩენებიცაა მითითებული, ამასაც უარყოფთ?“ – მოსამართლე ევა გოცირიძემ მიმართა ზაზა ბიბილაშვილს.

„საბითუმო დასკვნაა აკინძული…,“ – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა და როცა შენიშნა, რომ მოსამართლე ევა გოცირიძე ვასილ როინიშვილს ეჩურჩულებოდა, „ხომ არ დაიღალეთო“ – მოსამართლეებს ჰკითხა.

„რას ნიშნავს, ხომ არ დაიღალეთ?“ – შეკითხვა გააპროტესტა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ და დასძინა, თქვენც ხანდახან გადაელაპარაკებით ერთმანეთს და ამას არ ვიმჩნევო.

„ჩვენ თუ არ ვუსმენთ, ეს ჩვენი, მოპასუხე მხარის პრობლემაა, თქვენ თუ არ უსმენთ, ეს ქვეყნის პრობლემაა, ესაა განსხვავება,“ – რეპლიკით ისარგებლა ზაზა ბიბილაშვილმა.

საუბრის ბოლოს ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს ევროპული პრაქტიკა შეახსენა, რომლის მიხედვითაც პარტიის აკრძალვისთვის „მყისიერი საზოგადოებრივი საფრთხე“ უნდა არსებობდეს.

„ეს მყისიერი საფრთხე არ არსებობს, აგერ, ირაკლი კობახიძე ამბობს, განულებული არიანო, განულებულ ოპოზიციას კრძალავენ… იმოქმედეთ ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ თქვენი შვილები, როგორც გინდათ, რომ შეხვიდეთ ისტორიაში. იმოქმედეთ იმ სტანდარტით, რომლითაც გინდათ, რომ მოგექცნენ, ვინც მოვლენ თქვენს შემდეგ…

„ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის შედეგად ქართულ საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიან, მხარს უჭერენ იმას, რომ მომავალში ყველა მათ მიერვე დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით და პრეცედენტებით იქნას განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ იმ ე.წ. მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა, რუსეთის ფედერაციამ მოგვაქცია“, – ასე დაასრულა თავისი შესაგებელი ზაზა ბიბილაშვილმა.

„კორექტულად-თქო, მე გითხარით… თქვენი მომართვა როგორ აღვიქვათ, ზეწოლის მცდელობად? რას ემსახურებოდა ეს მომართვა?“ – ზაზა ბიბილაშვილს მიუბრუნდა რევაზ ნადარაია.

„მე რა ბერკეტი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა განვახორციელო?“ – მხრები აიჩეჩა ზაზა ბიბილაშვილმა.

„თქვენი მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება,“ – თქვა განაწყენებულმა რევაზ ნადარაიამ.

სხდომა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 27 ოქტომბერს, დღის 12 საათიდან განახლდება.

ნახეთ ამავე თემაზე:

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ სარჩელს პასუხობთ, თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ?… თქვენ ირიბად შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს,“
რევაზ ნადარაია
„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, შედეგი იქნება ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“
ზაზა ბიბილაშვილი
„საქართველოში უკვე დამხობილია კონსტიტუციური წყობილება“
ზაზა ბიბილაშვილი
„ეს არ ეხება სარჩელზე პასუხს“
რევაზ ნადარაია
„ეს სიცრუეა. კომისიის დასკვნა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებისთვის,“
არჩილ გორდულაძე
„ერთი საქმეა მხოლოდ ამ მუხლით ბოლო წლების განმავლობაში – „კარტოგრაფების საქმე“ და ისიც თაროზეა შემოდებული. ამიტომაც, ამ დასკვნაში რასაც ვკითხულობთ, არის მხოლოდ ბელეტრისტიკა,“
ზაზა ბიბილაშვილი
„იქ კონკრეტულ განაჩენებიცაა მითითებული, ამასაც უარყოფთ?“
ევა გოცირიძე
„რას ნიშნავს, ხომ არ დაიღალეთ?“
რევაზ ნადარაია
„ჩვენ თუ არ ვუსმენთ, ეს ჩვენი, მოპასუხე მხარის პრობლემაა, თქვენ თუ არ უსმენთ, ეს ქვეყნის პრობლემაა, ესაა განსხვავება,“
ზაზა ბიბილაშვილი
„კორექტულად-თქო, მე გითხარით… თქვენი მომართვა როგორ აღვიქვათ, ზეწოლის მცდელობად? რას ემსახურებოდა ეს მომართვა?“
რევაზ ნადარაია
„მე რა ბერკეტი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა განვახორციელო?“
ზაზა ბიბილაშვილი
„თქვენი მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება,“
რევაზ ნადარაია
„როცა „ოცნება“ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ეს სიცრუეა… ოკუპაცია დაიწყო 1992-93 წლებში, როცა მოხდა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია სრულად და აფხაზეთი, სადაც მომხდარი ეთნოწმენდად შეაფასეს საერთაშორისო ინსტიტუტებმა…,“
ზაზა ბიბილაშვილი
„თურმე, ეუთოს შეფასება „გაუგონარი ამბავია“ და „ზეწოლა ხდება სასამართლოზე“, ამ დროს ირაკლი კობახიძე ამბობს: დღეების საკითხია მხოლოდ პარტიების საბოლოო აკრძალვამდეო“
ზაზა ბიბილაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა" - "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები