საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა
სამთავრობო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში საქართველოს 9 ქალაქში 4 000-ზე მეტი ნერგი დაირგო. პროექტი 9 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში თბილისსა და ათივე რეგიონში მყოფი პირველკლასელები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, დღეს გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე ჯამში 4 000-ზე მეტი ნერგი დაირგო.
პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, 22 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ჩემი პირველი ნერგის“ მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვები და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის ერთი ნერგია გათვალისწინებული. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეტანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…