საგარეო საქმეთა სამინისტრო, აუცილებლად, გააკეთებს განცხადებას - კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის...
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს. პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიც მიმდინარეობს.

ამასთან, მან თქვა, რომ ამ საკითხზე "საგარო საქმეთა სამინისტრო აუცილბელად გააკეთებს განცხადებას".
"ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ და რა თქვა უნდა, გამოხმაურება იქნება საგარეო სამქეთა სამინისტოს მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში გამართული ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბარში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში
საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“) 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.
"არჩევნები" უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ:
მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.
პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს - გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შეფასების თხოვნით. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ზოგადად, მათ შორის 2024 წელს, საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის არჩევნებს, უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და მუშაობა პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელა.
რუსეთმა ცხინვალის რეგიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ. ამ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, საიდანაც 30 ათასამდე ადამიანია დევნილი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთი მართავს და აკონტროლებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ და რა თქვა უნდა, გამოხმაურება იქნება საგარეო სამქეთა სამინისტოს მხრიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…