თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - ქაღალდზე დაბადებული იდეები და პროფესიონალები, რომლებმაც იდეები პრაქტიკაში განახორციელეს
თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და ქართული მოდერნიზმის შემქმნელებზე გამოფენა გაიმართა, სადაც კერძო კოლექციებიდან განუხორციელებელი პროექტები და ჩანახატებიც გამოიფინა.
თბილისს თავის მეხსიერება აქვს, კონსტრუქციებში, ხაზებსა და ფორმებში ჩამალული.
თბილისის არქიტექტურა მხოლოდ ფასადი არ არის - დროის ანაბეჭდია, იდეები, რომლებმაც ქაღალდიდან რეალურ სივრცეში გადაინაცვლა. მასში ყველა ეპოქა თავისებურად აისახა, ხედვებით, ფიქრით, შემოქმედებით, რომლებმაც დროს გაუძლო.
არქიტექტორების პირად არქივებს შემოქმედებითი გზის დასაწყისამდე მივყავართ, როცა არაფრიდან განსაკუთრებული იქმნება.
ამ პროფესიაში რაღაც გაქრა, რაღაც ახალი გაჩნდა. ინსტრუმენტები ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ჩანახატი, სკეჩი, სივრცეში აზროვნება აუცილებელ წინაპირობად დარჩა.
მასალების უკან კონკრეტული ადამიანები არიან - არქიტექტორები პროფესიული ხედვით, ქართული მოდერნიზმისა და ურბანული კულტურის შექმნის ნოვატორები. თითოეულის გვარს სამხატვრო აკადემიის კედლები ინახავს.
ამბობენ, რომ შენობებს ხასიათი აქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ.
გამოფენაზე მოხვდა კერძო კოლექციებში აღმოჩენილი განუხორციელებელი პროექტებიც.
სამხატვრო აკადემიამ შექმნა სივრცე, ამ სივრცემ - პროფესორები, მეოცე საუკუნის თბილისის არქიტექტურის შემქმნელები.
მომავლის არქიტექტურა დასაპროექტებელია, ახლა შესაძლებლობები გაცილებით მეტია.
შესაძლოა, მომავალმა დღევანდელი წარმოდგენები სრულიად შეცვალოს, მაგრამ ახალ ჩანაფიქრს თავისი საწყისები აქვს - დღევანდელი არქიტექტორებიც ასე დარჩებიან მომავალი თაობის მეხსიერებაში - ქაღალდზე დაბადებული იდეებით, რომლებიც ერთ დღეს სხვა ქალაქის, სხვა ეპოქის ნაწილად იქცევა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…