თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და დემოკრატიული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა - "ქართული ოცნებისთვის" ბრიუსელის მხრიდან უსამართლო მიდგომა, ევროპარლამენტარების მორიგი გზავნილით გამოაშკარავდა
„ქართულ ოცნებაში“ ევროპარლამენტარების მოწოდებას ხუთი პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის გამოთხოვის შესახებ, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.
თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია - "ქართული ოცნების" წევრებისთვის ბრიუსელის მხრიდან მორიგი უსამართლო მიდგომა, ევროპარლამენტარების მორიგი გზავნილით გამოაშკარავდა. საუბარია რასა იუკნევიჩიანეს, დევიდ მაკალისტერისა და ნილს უშაკოვსის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ხუთი პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას ითხოვენ. ეს კი "ქართული ოცნების" თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და საჩივრის ავტორებზე პირდაპირი ზეწოლაა.
იმ განცხადებას, რომლის ხელმომწერიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიანეა, მმართველი გუნდისთვის ჩალის ფასი აქვს, ისევე როგორც მისი თანაავტორობით მომზადებულ უსამართლო რეზოლუციებს. იუკნევიჩიანეს მხრიდან საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება ქართული ოცნების წევრების თქმით, არაერთხელ გამოჩნდა, მაშინ როცა 6 საქმეში ბრალდებული და 4-ში მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა და მაშინაც როცა უაპელაციოდ ამტკიცებდა, რომ თითქოს, ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილ ექსპრეზიდენტს დემენცია სჭირდა. ამ პოლიტიკური წარსულის ევროპარლამენტარი დღეს საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო აკრიტიკებს.
ამ განცხადების შინაარსსა და სულისკვეთებას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტარების გზავნილი არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერაა.
კონსტიტუციური სარჩელის კრიტიკოსებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნის წაკითხვას ურჩევენ ხალხის ძალაში. "ქართული ოცნებისთვის" ორმაგი სტანდარტია, როცა უკრაინასა და მოლდოვაში ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა მაშინ ევრობიუროკრატებს არც ერთი კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებიათ, საქართველოს შემთხვევაში კი მათი მხრიდან ქართულ სასამართლოზე ზეწოლა, ხელისუფლებაზე კი თავდასხმა არ წყდება.
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უფლება რომ არავის აქვს ეს დღეს პრემიერ მინისტრმა თქვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ევრობიუროკრატების, მათ შორის რასა იუკნევიჩიანეს მთავარი მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებაა. პოლარიზაციის დასრულების გარანტი კი მთავრობის მეთაურისთვის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაა.
ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეწყვიტონ სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკური განცხადებების კეთება და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე.
ავტორი: ნანა გოგატაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…