ქალაქის საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი ჯგუფი დამატებით ვადას ისევ ითხოვს
ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი უფლებამოსილების კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი ტერიტორიის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.
ამ ჯგუფს 2026 წლის 30 სექტემბერს ვადა ერთხელ უკვე გაუგრძელეს 1 თვით. ვადის ხელახლა გაგრძელებაზე შესაბამისი განკარგულების პროექტი მზადაა და საკითხი საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
„მიუხედავად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ერთხელ გაგრძელებისა, საკითხის კომპლექსურობისა და შესასწავლ გარემოებათა მოცულობის გათვალისწინებით, დამატებითი დრო აუცილებელია განხორციელებული სამუშაოების შედეგების შეჯამების, შესაბამისი გარემოებების საბოლოო შეფასებისა და სამუშაო ჯგუფის პოზიციის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის განმეორებით გაგრძელება 1 თვით.“ – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ.
ბათუმის საკრებულოში შექმნილმა ჯგუფმა ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა უნდა მოამზადოს. ეს შუამდგომლობა კი შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.
ამავე თემაზე:
ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ვადაში ვერ ეტევა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…