ბათუმში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი იცვლება
ბათუმის მერიამ საკრებულოს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის ახალი წესი წარუდგინა. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში სულ რაღაც 7 თვის წინ მიღებული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ბათუმის მერია ქალაქში „შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის“ ახალი წესის დამტკიცებაზე მუშაობს და შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა.
ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება 7 თვის წინ მიღებული დადგენილება, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს.
მერიის განმარტებით, ახალი წესის მიღების მიზეზი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
კერძოდ, „ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების დადგენა/კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.“
კოდექსის აღნიშნული მუხლი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.
მათ შორის „რ“ ქვეპუნქტში კი წერია, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა „შინაური ცხოველების ყოლის წესების [მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების] დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველყოფა.“
„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
წესის მიზანია ქალაქ ბათუმში შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო თანაარსებობის უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანერგვა.“ – წერს მერია დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.
დადგენილების პროექტი და ბათუმში შინაური ბინადარი ცხოველების მოვლაპატრონობისა და ყოლის ახალი წესი, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე უნდა განიხილოს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
ახალი დადგენილება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, როგორც პროექტშია მითითებული, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერია მეექვსე წელია მუშაობს ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობაზე, თუმცა მიმდინარე წელს უკვე დაწყებული სამუშაოები გააჩერეს.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მტმ“-ს ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეუწყვიტა – მიზეზად გრუნტის ტენიანობა დაასახელეს.
ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“
ამავე თემაზე:
იზრდება ჯარიმები – ძაღლების და კატების მოვლის წესს მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…