როგორ გაიზარდა საქართველოში “უხილავი გადასახადი”
2012 წლის შემდეგ საქართველოში თითქმის ყველა პროდუქტზე აქციზის მატებამ ბიუჯეტში ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 313%-ით, 660 მილიონიდან 2.7 მილიარდ ლარამდე გაზარდა, რამაც ავტომატურად გააძვირა დღგ-ის სახით ამოღებული თანხებიც.

საქართველოში კონსტიტუციით აკრძალულია გადასახადების ზრდა რეფერენდუმის გარეშე, თუმცა ამ წესიდან გამონაკლისიც არსებობს — აქციზი. 2012 წლის შემდეგ აქციზი გაიზარდა თითქმის ყველაფერზე: სიგარეტზე, ალკოჰოლზე, საწვავზე, მანქანის ზეთებსა და ავტომობილების განბაჟებაზე. შედეგად, ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხა 313%-ით გაიზარდა (₾660 მილიონიდან ₾2.7 მილიარდამდე).
გადასახადების სტრუქტურა საქართველოში
ქვეყანაში სულ 6 სახის გადასახადია, საიდანაც უშუალოდ პროდუქტის ფასზე ყველაზე მეტად დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) და აქციზი მოქმედებს:
5 გადასახადი (საშემოსავლო, დღგ, აქციზი, მოგების და იმპორტის) მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში.
1 გადასახადი (ქონების) მიდის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
როგორ მუშაობს დღგ და აქციზი ერთად
დღგ პროდუქტის ფასზეცაა მიბმული და რაოდენობაზეც, ხოლო აქციზი ძირითადად მხოლოდ რაოდენობაზე.
მარტივი მაგალითი: თუ 1-ლარიან ნივთზე აქციზი 10 თეთრია, მას დამატებით 18 თეთრი დღგ დაერიცხება. თუ ნივთის ფასი 1.5 ლარი გახდება, დღგ ავტომატურად გაიზრდება 27 თეთრამდე, თუმცა აქციზი ისევ 10 თეთრი დარჩება. (მაგალითში 1 ლარი დღგ-მდელი ფასია, დღგ-ს დარიცხვის შემდეგ სარეალიზაციო ღირებულება 1.18 ლარი გახდება)
რადგან დღგ აქციზით გაძვირებული ფასიდანაც ითვლება, აქციზის ზრდა ავტომატურად ზრდის დღგ-დან ამოღებულ თანხებსაც. რეალობაში სწორედ ასე მოხდა — აქციზიდან შემოსავალი 313%-ით გაიზარდა, ხოლო დღგ-დან 234%-ით.
აქციზიდან და დღგ-დან მობილიზებული თანხების მოცულობა ნაერთ ბიუჯეტში (მლნ. ლარი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
კონსტიტუციური კანონით, 2031 წლამდე რეფერენდუმის გარეშე გადასახადების 3 წელზე მეტი ვადით ზრდა აკრძალულია, გამონაკლისს აქციზი წარმოადგენს. გასულ 14 წელიწადში აქციზის განაკვეთი აქციზით დასაბეგრ თითქმის ყველა პროდუქციაზე გაიზარდა.
აქციზი საწვავზე
ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური საწვავის ფასი გახდა. 2017 წელს მოგების გადასახადის რეფორმის პარალელურად (რეინვესტირებული მოგება დაბეგვრისგან გათავისუფლდა) ბენზინზე აქციზი 100%-ით 250-დან 500 ლარამდე, ხოლო დიზელზე 167%-ით 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა.
ტონა ბენზინი საშუალოდ 1340 ლიტრია, ტონა დიზელი 1200 ლიტრი, შესაბამისად აქციზის საფასური 1 ლიტრ ბენზინზე 37 თეთრს და დიზელზე 33 თეთრს. იმის გათვალისწინებით, რომ დღგ აქციზსაც ერიცხება, ბენზინზე აქციზის რეალური ტვირთი 44 თეთრი გამოდის, ხოლო დიზელზე 39 თეთრი.
2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. ყველაზე იაფიანი რეგულარის ტიპის ბენზინის საფასური 4 ლარს აჭარბებს, პრემიუმის ₾4.35 და სუპერის ₾4.60-ს. კიდევ უფრო მაღალია და 5 ლარიან ნიშნულს აღემატება დიზელის ფასი.
ენერგომატარებლების, მათ შორის საწვავის გაძვირება სხვა პროდუქციაზე ფასების ზრდის წინაპირობაა. ძვირდება როგორც მგზავრობა და ტრანსპორტირება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება.
აქციზის განახევრება თეორიულად საწვავის ფასს ლიტრზე 20-22 თეთრით შეამცირებდა, დროებით მთლიანად გაუქმება 40-45 თეთრით. ამ იდეას მთავრობაში არ იზიარებენ და აქციზის საფასურის განახევრებას არ განიხილავენ,
აქციზი მსუბუქ ავტომობილებზე (განბაჟება)
0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილის განბაჟების საფასური (განბაჟება აქციზია) 1 სმ3-ზე 2012 წელს 0.7-დან 1.5 ლარამდე მერყეობდა, დღეს 1.5 ლარია. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური 1 სმ3-ზე 0.5-0.8 ლარს შეადგენდა დღეს კი 4.5 ლარია.
1 წლამდე და 1 წლის ასაკის ავტომობილის განბაჟების საფასური არ შეცვლილა, 4 წლის ასაკის 25%-ით გაიზარდა, 5 წლის ასაკის 50%-ით და 6 წლის ასაკის ავტომობილის 114%-ით.
7-12 წლის ასაკის ავტომობილების განბაჟების საფასური 2012 წელთან შედარებით 800%-ით არის გაზრდილი იყო 0.50 ლარი გახდა 4.50 ლარი.
6 წლამდე ჰიბრიდებზე 60%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, მარჯვენასაჭიანის შემთხვევაში აქციზის საფასური სამმაგდება. ელექტრომობილების განბაჟება უფასოა (სახელმწიფო ნომრის, რეგისტრაციისა და გაფორმების თანხების გარდა) თუმცა მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი მაინც იბეგრება 3000 ლარით.
ზოგადად ძველი ავტომობილი გარემოს მეტად აბინძურებს, მაგრამ არა ყოველთვის. 7 წლის მცირე დაზიანების მქონე ავტომობილი 60 ათას კმ-იანი გარბენით, სხვა თანაბარ პირობებში გარემოსთვის უმჯობესია, ვიდრე 5 წლის ასაკის მნიშვნელოვნად დაზიანებული 150 000 კმ-იანი გარბენის მქონე ავტომობილი.
გაორმაგდა და ტონაზე 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა აქციზის მოცულობა ძრავის ზეთებზე, კბილანების ზეთებზე, საიზოლაციო ზეთებზე, საპოხ ზეთებსა და ჰიდრავლიკურ სითხეებზე.
აქციზი ალკოჰოლურ სასმელებზე
აქციზის ფასი გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზეც. 2012 წელს 1 ლიტრი ლუდი 40 თეთრით იბეგრებოდა, 2026 წელს ალკოჰოლის 5%-მდე შემცველობით 1%-ზე 12 თეთრით. ლუდი ძირითადად 5%-იანია, გამოდის რომ უმეტეს შემთხვევაში 1 ლიტრი ლუდის აქციზის საფასური 40-დან 60 თეთრამდეა გაზრდილი.
მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელებში შეცვლილია მეთოდოლოგია, დასახელებები და დაჯგუფებები, რის გამოც ისინი ერთმანეთს პირდაპირ ვერ დარდება.
აქციზი სიგარეტზე
აქციზის საფასური მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზეც. ერთი კოლოფი (20 ღერი) ფილტრიანი სიგარეტი 2012 წელს 0.60 ლარით იბეგრებოდა, 2026 წელს 358%-ით მეტით, 2.75 ლარით, თუმცა ეს ყველაფერი არაა, მას ე.წ. ადვალური გადასახადიც ემატება, რომელიც სარეალიზაციო ღირებულების 20%-ით განისაზღვრება.
თუ 1 კოლოფი სიგარეტის სარეალიზაციო ფასი 9 ლარია, მასში 2.75 ლარი პირდაპირი აქციზია, 1.80 ლარი ადვალური აქციზი ანუ ჯამში ნახევარზე მეტი 4.55 ლარი. თუ დღგ-ს 1.37-ს ჩავთვლით, გამოვა რომ 9 ლარიან სიგარეტში პირდაპირ გადასახადებზე 5.92 ლარი მოდის და უშუალოდ სიგარეტზე 3.08 ლარი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სიგარეტში გადახდილი ყოველი 3 ლარიდან საშუალოდ 2 ლარი გადასახადებზე მიდის. რადგან დღგ სარეალიზაციო ღირებულებიდან განისაზღვება, ბენზინის მსგავსად, აქციზის განაკვეთის ზრდა დღგ-ს განაკვეთის გაუზრდელად მისგან ამოღებული თანხის მოცულობას ზრდის. თუ ნივთი 2 ლარი ღირს დღგ 36 თეთრი იქნება, თუ 10 ლარი მაშინ 1.80 ლარი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ნივთი აქციზმა გააძვირა თუ ნედლეულის ფასის ზრდამ.
2012 წელს თამბაქოს ნაწარმის აქციზიდან სახელმწიფომ 267 მლნ ლარი ამოიღო, 2025 წელს 5.5-ჯერ მეტი 1.470 მლრდ ლარი. თამბაქოს აქციზიდან დამატებით ₾1.2 მლრდ-ის ამოღებით, დღგ-დან მიღბული თანხებიც ₾216 მლნ-ით გაიზარდა (1200*0.18).
აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (მლნ. ლარი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
ჯარიმები და სალიცენზიო მოსაკრებლები
გარდა აქციზისა გაიზარდა კაზინოების სალიცენზიო მოსაკრებლები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ჯარიმები. ჯარიმების შემთხვევაში მისი ზრდის მიზანი, ზოგჯერ ფისკალური ეფექტის მიღწევა იყო (ბიუჯეტის შევსება) ზოგჯერ პოლიტიკური.
თბილისში ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობა 5-დან 20 ლარამდე გაიზარდა, არასწორი პარკირების 10-დან 50 ლარამდე. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ზოგ შემთხვევაში 50-დან 100 ლარამდე. ქუჩის გადაკეტვისთვის ჯერ 500-დან 1000 ლარამდე, შემდეგ 5000 ლარამდე. ტროტუარის გადაკეტვაზე ჯარიმა საერთოდ არ არსებობდა, ახლა 5000 ლარია. 5000 ლარამდე ჯარიმები დაწესდა ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფაზეც.
ქართული ოცნების მმართველობის დროს, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზნით გაიზარდა ყველაფერი, რისი ზრდაც შეიძლებოდა. მთავარი ამ შემთხვევაში აქციზია. აქციზის განაკვეთის ზრდამ, ირიბად, განაკვეთის გაუზრდელად დღგ-დან მისაღები შემოსავლების ზრდაც გამოიწვია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…