კობახიძე: ბენზინზე აქციზი არ შემცირდება
ირაკლი კობახიძემ საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება გამორიცხა და განაცხადა, რომ გადასახადის კლება ფასებზე რადიკალურად ვერ აისახება, მიღებული თანხა კი ბიუჯეტში შედის და ისევ ხალხს ხმარდება.

ირაკლი კობახიძემ საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირების საკითხი კიდევ ერთხელ გამორიცხა. მისი თქმით ფასნამატი დიდი არაა და ის თანხებიც ბიუჯეტში შედის.
აქციზის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“
ბენზინიცა და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზის საფასური 500 ლარს შეადგენს (გაორმაგდა 2017 წელს), რაც 1 ლიტრზე 37 თეთრს უდრის, ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება (2017 წელს 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა). ამ შემთხვევაში აქციზის საფასური ლიტრზე 33 თეთრი გამოდის, თუმცა დღგ აქციზსაც ემატება. გამოდის, რომ აქციზი, მასზე დამატებულ დღგ-იანად, 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით, 1 ლიტრ დიზელს კი 39 თეთრით აძვირებს. შესაბამისად, აქციზის საფასურის განახევრება 1 ლიტრი საწვავის საცალო ღირებულებას თეორიულად 20-22 თეთრით შეამცირებდა, მისი დროებით სრული გაუქმება კი 40-45 თეთრით.
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან ₾375 მლნ და დიზელის აქციზიდან ₾275 მლნ, ჯამურად ₾650 მლნ შევიდა. თუ ამ რიცხვს უშუალოდ აქციზზე დარიცხულ დღგ-ს დავუმატებთ, 767 მლნ ლარს მივიღებთ.
ბრენდულ ქსელებში 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება ₾4.08-ს, პრემიუმის, ₾4.39-ს, სუპერის ₾4.68-ს ხოლო დიზელის ₾5.07-ს აღწევს. ბენზინისა და დღგ-ს ჯამური წილი 1 ლიტრ ბენზინში 0.99-1.08 ლარია (დღგ 62-71 თეთრი და აქციზი 37 თეთრი), დიზელის შემთხვევაში კი ₾1.10 (დღგ 77 თეთრი და აქციზი 33 თეთრი).
ენერგომატარებლების გაძვირება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა პროდუქციის ფასებზეც უარყოფითად აისახება, ძვირდება არა მხოლოდ ტრანსპორტირება, არამედ მიწის დამუშავების ხარჯიც. აგროტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები… ძირითადად დიზელზე მუშაობენ. დიზელზე რეკორდული ფასები უარყოფით მოლოდინებს ქმნის და სურსათის გაძვირების რისკებს წარმოშობს. გამოსავალი ვერც იმპორტი იქნება, რადგან საწვავი, განსაკუთრებით კი დიზელი, მთელ მსოფლიოშია გაძვირებული.
2026 წლის ოქტომბრის ბოლოდან და განსაკუთრებით აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, 5 ნოემბერს კი მცირე ზრდა ისევ დაფიქსირდა. ფასების კლება საქართველოში საცალო ბაზარზე არ ასახულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…