რამდენით შეამცირებდა საწვავის ფასს აქციზის განახევრება
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავის აქციზის განახევრება არ იგეგმება. სტატიაში განხილულია საწვავზე არსებული ფასები, აქციზისა და დღგ-ის გავლენა საწვავის ღირებულებაზე, ბიუჯეტის შემოსავლები და საწვავის გაძვირების გავლენა ინფლაციასა და სურსათის ფასებზე.

ირაკლი კობახიძემ საწვავის აქციზთან დაკავშირებულ საკითხზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი განახევრება არ იგეგმება.
მან საწვავის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებს დაუკავშირა და მისი მოგვარების იმედი გამოთქვა. კობახიძის განცხადების მომენტში, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფიანი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 4 ლარს, პრემიუმის 4.30 ლარს ხოლო სუპერის 4.60 ლარსაა გადაცდენილი. დიზელის ღირებულება კი 5 ლარს აჭარბებს.
ბენზინიცა და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზის საფასური 500 ლარს შეადგენს (გაორმაგდა 2017 წელს), რაც 1 ლიტრზე 37 თეთრს უდრის, ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება (2017 წელს 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა). ამ შემთხვევაში აქციზის საფასური ლიტრზე 33 თეთრი გამოდის, თუმცა დღგ აქციზსაც ემატება. გამოდის, რომ აქციზი, მასზე დამატებულ დღგ-იანად, 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით და 1 ლიტრ დიზელს 39 თეთრით აძვირებს. შესაბამისად აქციზის საფასურის განახევრება 1 ლიტრი საწვავის საცალო ღირებულებას თეორიულად 20-22 თეთრით შეამცირებდა.
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან ₾375 მლნ და დიზელის აქციზიდან ₾275 მლნ, ჯამურად ₾650 მლნ შევიდა. თუ ამ რიცხვს უშუალოდ აქციზზე დარიცხულ დღგ-ს დავუმატებთ, 767 მლნ ლარს მივიღებთ.
საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული გადასახადები (მლნ. ლარი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
წლიურად 700-770 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 2.5%-ია (განახევრების შემთხვევაში 350-385 მლნ ლარი ბიუჯეტი 1.25%), რაც არაა მცირე თანხა, თუმცა, მეორე მხრივ საწვავის თუნდაც მცირედი გაიაფება ინფლაციაზე წნეხს შეამცირებდა, ანუ მოქალაქეების ხარჯები შემცირდებოდა. ინფლაციის განაკვეთი აპრილიდან მოყოლებული 5%-ს აჭარბებს და უახლოეს მომავალში, სხვა თანაბარ პირობებში მისი კლება მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკი 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტებას ამკაცრებს, რაც, სავარაუდოდ, მაღალი ინფლაციური მოლოდინებითაა გამოწვეული.
ენერგომატარებლების გაძვირება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა პროდუქციის ფასებზეც უარყოფითად აისახება, ძვირდება არა მხოლოდ ტრანსპორტირება, არამედ მიწის დამუშავების ხარჯიც. აგროტექნიკა – ტრაქტორები, კომბაინები… ძირითადად დიზელზე მუშაობენ. დიზელზე რეკორდული ფასები უარყოფით მოლოდინებს ქმნის და სურსათის გაძვირების რისკებს წარმოშობს. გამოსავალი ვერც იმპორტი იქნება, რადგან საწვავი, განსაკუთრებით კი დიზელი, მთელ მსოფლიოშია გაძვირებული.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.