ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკის მცხოვრებთა მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული კრიზისის გამო შიმშილობა გამოაცხადა და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ ჰუმანიტარული ზავის მოთხოვნას.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა, რათა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უზრუნველყოს.
მან ასევე მოუწოდა სხვებსაც, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.
„თუმცა ეს ბრძოლა მხოლოდ ჩემი არ შეიძლება იყოს. მოვუწოდებ ასოციაციებს, მოქალაქეებს და ეროვნულ თუ ადგილობრივ ინსტიტუციებს, შეუერთდნენ ამ დიდ არაძალადობრივ აქციას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეტანა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ ევაკუაციის შესაძლებლობა, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურთ“, — წერს პიჩერნო X-ზე.
ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ხერსონიდან ცხრა კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი თავის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდს გადის. მოსახლეობა ჩაკეტილია, გამოსასვლელი უსაფრთხო გზის, საკვებისა და ხსნის ყოველგვარი მოლოდინის გარეშე.
ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე თითქმის ერთი წელია, 2025 წლის ბოლოდან იმყოფება. საკვების მარაგები ოლეშკიში ბოლოს 26 მაისს შეიტანეს. მას შემდეგ სათანადო მომარაგება აღარ ყოფილა, რის გამოც ხალხი შიმშილის ზღვარზეა.
თუმცა საკვები ერთადერთი პრობლემა არ არის. რუსული ოკუპაციის დაწყებიდან ოთხი წლისა და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, ქალაქს არც ელექტროენერგია, არც გაზი და არც სასმელი წყალი არ აქვს. აგრეთვე, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია. უკრიანული მედიის ცნობით, საავადმყოფო ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ ძლივს ფუნქციონირებს, თუმცა იქაური პერსონალიც ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს საბაზისო პირველადი დახმარების აღმოჩენას.
ოლეშკისკენ მიმავალი ყველა გზა და მისადგომი დანაღმულია. ქალაქი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს — იმდენად ახლოს, რომ ორივე მხარის დრონებს იქ თავისუფლად მიღწევა შეუძლიათ. უკრაინული მედია წერს, რომ ოლეშკის თავზე ცა ყოველდღიურად „ნადირობის არენაა“: დრონები ერთმანეთს და მიწაზე მოძრავ ნებისმიერ ობიექტს უმიზნებენ. კომერციული გადამზიდები, რომლებმაც ზაფხულში ქალაქში მანქანით საკვების შეტანა სცადეს, მძიმე ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ და უკან დაბრუნება მოუწიათ.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს პაპ ლეო XIV-ის და „ყველა იმ ადამიანის ძალისხმევას, ვინც ამ მომენტში ყველაფერს აკეთებს ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“.
28 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ოკუპირებული ოლეშკისთვის.
29 სექტემბერს ევროკავშირმა განაცხადა, რომ მან მოსთხოვა რუსეთს ოლეშკიში ჰუმანიტარული დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს.
16 ოქტომბერს პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან, და სთხოვა მას ზავის მოწყობა, რათა დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი დროებით ოკუპირებული ოლეშკისთვის.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„თუმცა ეს ბრძოლა მხოლოდ ჩემი არ შეიძლება იყოს. მოვუწოდებ ასოციაციებს, მოქალაქეებს და ეროვნულ თუ ადგილობრივ ინსტიტუციებს, შეუერთდნენ ამ დიდ არაძალადობრივ აქციას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეტანა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ ევაკუაციის შესაძლებლობა, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…