გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „ზაგრებმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ 29:28 სძლია. ხორვატული კლუბის გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი გიორგი ცხოვრებაძემ შეიტანა, რომელმაც პარიზელებს 7 გოლი გაუტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პარიზელებთან წარმატებაში მნიშვნელობანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში C ჯგუფის მესამეადგილოსანმა „ზაგრებმა“ ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლა და სენსაციური გამარჯვებაც მოიპოვა. ხორვატული ხელბურთის ფლაგმანმა ძლიერი პსჟ 29:28 (13:17) დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება იზეიმა.
პარიზელებთან ამ დიდ წარმატებაში მნიშვნელობანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს. ხორვატთა ქართველი ლეგიონერი შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდანვე შეუდგა და ხუთ წუთზე ნაკლებ დროში მიჯრით ორი ბურთი გაიტანა. მთლიანობაში, მის ანგარიშზე 7 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა, რაც მიმდინარე სეზონში ქართველი ხელბურთელის საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგაზე.
მართალია, „ზაგრები“ 4 ქულით (2 მოგება, 3 წაგება) ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის მთავარი რაუნდის მიღმა დარჩა, თუმცა ევროპულ სეზონს ბრძოლას არ ეთიშება — გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგის გათამაშებაში გააგრძელებს, სადაც მიზნებიც უფრო რეალური იქნება. იქამდე კი ხორვატიის მოქმედ ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩი ელის: 28 ოქტომბერს, C ჯგუფის დასკვნით ტურში, „ზაგრები“ სლოვენიურ „ცელიეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც გათამაშების პირველ წრეში სტუმრად 31:29 სძლია.
GEOHANBALL.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…