ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ევროპის ჩემპიონატებსა და ევროპის თასზე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს: თეკლა ძამუნაშვილი სერბეთში მატჩის MVP გახდა, გიორგი ცხოვრებაძემ და ირაკლი კბილაშვილმა კი თავიანთ შეხვედრებში 10-10 გოლი გაიტანეს.

სერბეთის ქალთა სუპერლიგაში ქართველი MVP გვყავს
ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი ტურის შეხვედრები ჩაატარეს, მათ შორის — ევროპის თასზე. ყურადღება რამდენიმე გამორჩეულ მატჩზე შევაჩერეთ.
სერბეთი
სერბეთის ქალთა სუპერლიგის მეხუთე ტური განსაკუთრებული გამოდგა „ნაპრედაკის“ ქართველი მოთამაშისთვის. თეკლა ძამუნაშვილმა 3 ბურთი გაიტანა, მისმა გუნდმა კი „იაგოდინასთან“ ფაქტობრივად წაგებული თამაში ბოლო წუთებზე შემოაბრუნა და 25:24 გაიმარჯვა. გარდა ამისა, ქართველი ლეგიონერი სერბულ კარიერაში პირველად გახდა მატჩის MVP.
საფრანგეთი
მეშვიდე ტურში „ნიმთან“ გასვლით შეხვედრაში 34:36 დამარცხდა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლე“. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე დაახლოებით 41 წუთი დაჰყო და 4 ბურთი გაიტანა.
ასევე წარუმატებელი ტური ჰქონდა ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსს“ — „შამბერთან“ გასვლით შეხვედრაში 33:34 დამარცხდა. კალანდაძემ 6 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ხორვატია
პრემიერლიგის მეექვსე ტურში მეტად შედეგიანი მატჩი ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს. „ზაგრებმა“ საკუთარ მოედანზე „სპაჩვა“ მიიღო და მოლოდინისამებრ გაიმარჯვა. ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ზაგრებელთა ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 10 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
რუმინეთი
რუმინეთის ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ქართული დერბი შედგა — ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტამ“ ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდას“ უმასპინძლა. გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რომლებმაც 25:17 გაიმარჯვეს. ორივე გუნდიდან საუკეთესო კბილაშვილი იყო, რომელმაც 10 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ითამაშა ორჯონიკიძემაც, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. რაც შეეხება მასპინძელ რუსტამოვს, მის ანგარიშზე ერთი გოლია.
შიდა ასპარეზის შემდეგ, „პოტაისა ტურდამ“ 18 ოქტომბერს ევროსარბიელზეც ითამაშა. ევროპის თასის მეორე ტურის მატჩში რუმინელები ბელგიურ „სპორტინგ პელტს“ გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და 29:27 (15:13) გაიმარჯვეს. „პოტაისა ტურდას“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ირაკლი კბილაშვილს, რომელიც 7 გატანილი გოლით ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.
ბელგიელებთან საპასუხო შეხვედრა 24 ოქტომბერს შედგება.
GEOHANBALL.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.