დრონებით მასირებული შეტევა იყო მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, რეგიონისკენ 630 დრონი მიფრინავდა, ხოლო უკრაინული წყაროების ცნობით, დარტყმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში მდებარე სამხედრო საწარმო „75 არსენალზე“ განხორციელდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქის ტროიცკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა. რა ვითარებაში, სობიანინს არ დაუკონკრეტებია.
მოსკოვის მერის მიერ რუსული ციფრული პლატფორმის, MAX-ის მესენჯერით გავრცელებული ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 20:30 საათიდან 22 ოქტომბრის 04:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ „მიფრინავდა“ 630 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა „დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს შორეულ საზღვრებთან“.
სობიანინის მტკიცებით, უშუალოდ დედაქალაქ მოსკოვთან განადგურებულია 163 დრონი.
„75 არსენალი“
მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Supernova+-მა 22 ოქტომბერს გამთენიისას გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში რეაქტიული დრონებით დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს „75 არსენალი“, სადაც სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს არემონტებენ.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, რომ აფეთქება იყო სწორედ „75 არსენალის“ ტერიტორიაზე. ამას ადასტურებდნენ სერპუხოვის მცხოვრებნიც, რომელთა თანახმად, დრონების გარდა რაკეტებით შეტევაც იყო. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
როგორც ASTRA წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საწარმო „75 არსენალი“ მთავარ სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ექვემდებარება, იარაღს და საბრძოლო მასალებს აწარმოებს და სამხედრო ტექნიკას არემონტებს.
რუსეთის ხელისუფლებას ამ ობიექტზე დარტყმა არ დაუდასტურებია.
უკრაინას მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.