პოლიტიკური კრიზისი და დემონსტრაციების ახალი ტალღის მოლოდინი - საფრანგეთში არსებული ვითარება "კურიერის" ობიექტივში
საფრანგეთში მასობრივი არეულობისა და 2 500-ზე მეტი ადამიანის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ და პროტესტის გაფართოებას აანონსებენ, რასაც ხელისუფლება ქუჩებში არმიის, ჯავშანმანქანებისა და ვერტმფრენების გამოყვანით პასუხობს.
პარიზში ახლა პოლიციის და ჟანდარმერიის შენაერთებია მობილიზებული. რესპუბლიკის, ბასტილიის, შანზ-ელიზეს, სამორ-კვენტინის მოედნებზე და სებასტოპოლის ბულვარში უსაფრთხოების განსაკუთრებული პროტოკოლი მოქმედებს. განსაზღვრულ სექტორებში, გამოცხადებულია ლოკალური კომენდანტის საათი; შეზღუდვებია აქციების და მანიფესტაციების ჩატარებაზეც. ამასთან ერთად, დედაქალაქში იკრძალება საწვავის და აალებადი ნივთიერებების შეტანა, პიროტექნიკის შეძენა-შენახვა და დამცავი ეკიპირების ტარება.
ქვეყანაში მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ, მოსწავლეები, სტუდენტები, პროფკავშირები და ოპოზიცია მასობრივი, მასშტაბური პროტესტის მორიგ ტალღას აანონსებენ. შაბათს, ქალაქების ქუჩებში, განათლების რეფორმის გარდა, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებსაც წამოაყენებენ. პოლიტიკურ პირობებს შორისაა: დაკავებული და მსჯავრდებული ახალგაზრდების სრული ამნისტია, 16 წლიდან ხმის მიცემის უფლების მინიჭება და რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა.
დაანონსებულ პროტესტს ხელისუფლება ძალოვანი სისტემის მობილიზებით პასუხობს. ცნობილია, რომ კვირის ბოლოს სახელმწიფო შენობებსა და სტრატეგიულ პუნქტებზე სამართალდამცველებს არმიის ქვედანაყოფები ჩაანაცვლებენ. მიზანი, პოლიციისა და ჟანდარმერიის სრული რესურსის გათავისუფლებაა. წესრიგის დაცვის საქმეში ჩაერთვებიან პოლიციისა და ჟანდარმერიის ელიტური ქვედანაყოფები. ქუჩებში გამოიყვანენ ჯავშანმანქანებს, წყლის ჭავლის მანქანებსა და ვერტმფრენებს. განახლდა ძალოვნების ტაქტიკა და უფლებამოსილებები - სტატიკური კორდონების ნაცვლად, ახალი დოქტრინა ჯგუფების მყისიერ დევნას, შევიწროებასა და დაკავებას ითვალისწინებს.
სამართალდამცავ სისტემასთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამართლებრივიც. პროკურატურებს დემონსტრაციებისას დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირების საქმეების "ორგანიზებულ დანაშაულად" გადაკვალიფიცირება დაევალათ, რაც წინასწარი დაკავების ვადას 48-დან 72 საათამდე ზრდის და სატელეფონო მოსმენების, გეოლოკაციური მონაცემების ამოღების უფლებას იძლევა. სახელმწიფო ბრალმდებელი "უკიდურეს სიმკაცრესა" და რეალურ საპატიმრო სასჯელებს ითხოვს. ცნობილია, რომ აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 2 513-მდე პირი აიყვანეს.
საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით პროტესტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო. ქალაქების ქუჩებში მიმდინარე შეტაკებების შედეგად ასობით სამართალდამცველი, სტუდენტი, მოსწავლე და პედაგოგი დაშავდა. მედია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს - რამდენიმე მოზარდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ამასთან ერთად, პროკურატურა აქციებზე გარდაცვლილი ორი ადამიანის სიკვდილის გარემოებებს იძიებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.