გოტა ჭანტურია: რუსული კანონის მსგავსად, რეპრესიების ეს ტალღა ყველას, მთელ ქვეყანას წაგვლეკავს
ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო ეს ზღვარი არ გადალახოს, რადგან პარტიების აკრძალვით, სინამდვილეში კი პარტიული საქმიანობის გაუქმებით, ბევრად მძიმე პოლიტიკურ რეალობაში გადავდივართ, რითიც ქვეყანასაც უდიდესი ზიანი მიადგება და სინამდვილეში საკუთარი თავისთვისაც განუზომლად იზრდიან რისკებს.
მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი გოტა ჭანტურია:
თუკი რაიმე შანსი და მიჯნა არსებობს, ეს არის.
ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო ეს ზღვარი არ გადალახოს, რადგან პარტიების აკრძალვით, სინამდვილეში კი პარტიული საქმიანობის გაუქმებით, ბევრად მძიმე პოლიტიკურ რეალობაში გადავდივართ, რითიც ქვეყანასაც უდიდესი ზიანი მიადგება და სინამდვილეში საკუთარი თავისთვისაც განუზომლად იზრდიან რისკებს.
არცერთი პარტია არ მომწონს. ყველას თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ პარტიული საქმიანობის აკრძალვა, გაუქმება, მოსპობა - დიქტატურაა.
და მეორეც - არ არსებობს ძველი და ახალი, ცუდი და კარგი, ბოროტი და კეთილი. რუსული კანონის მსგავსად, რეპრესიების ეს ტალღა ყველას, მთელ ქვეყანას წაგვლეკავს.
დღეს ამ პარტიებს აკრძალავენ? ხვალ - სხვებს. დღეს ამ პოლიტიკოსებს დაიჭერენ? ხვალ - სხვებს. გამორიცხულია, ეს ამბავი არ გაჩერდება და სულ რომც გაჩერდეს, მაინც სიბნელეა.
თანაც, როდის ხდება მოქმედება?
არაადამიანური მდგომარეობა ციხეებში. ჩამომპალი განათლების სისტემა. კატასტროფულად მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი. დაცლილი რეგიონები. უმძიმესი სოციალური ფონი - სიღარიბე, უმუშევრობა. მასობრივი გამოსახლებები. ადამიანების დევნა ფეისბუქ პოსტების გამო და ა.შ. და ა.შ.
ბოლოს კი, როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს, ეს ტალღა ყველაზე დაუნდობლად თავად ქართულ ოცნებას მოუბრუნდება და შეიწირავს.
როგორც ბუნებას ვერ დაუპირისპირებ ვერაფერს, ისეა ხალხიც. საბოლოოდ, მის ნებას და ძალას მაინც ვერაფერი აღუდგება წინ.
არც დასამშვიდებლად ვამბობ, არც - იდეალისტურად, არც ილუზიაში ვარ. ამ რეჟიმს ჩვენ წარსულს ჩავაბარებთ, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი.
საბედნიეროდაც და საუბედუროდაც, შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამოგვივლენია.
და თუ ვინმე იქითა მხრიდან კითხულობთ, დროზე გამოეცალეთ ამ სიგიჟეს. ნუ გადააყოლებთ მავნებლებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.