სემეკის სხდომა, სადაც დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო
სემეკის სხდომა, სადაც ივლისში მომხდარი დენის მასშტაბური გათიშვის მიზეზები და კომპანიების პასუხისმგებლობა უნდა განეხილათ, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და „ხრამჰესის“ მოთხოვნით გადაიდო. მხარეებს საბოლოო პოზიციების წარსადგენად 10 დღე მიეცათ.

სემეკის სხდომა, სადაც 24-25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. კომისიამ 10 დღე მისცა დაინტერესებულ მხარეებს საბოლოო პოზიციების წარმოსადგენად.
21 ოქტომბრის სხდომაზე კომისიას ჯამში სამი საკითხი უნდა განეხილა:
2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ;
2026 წლის 25 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ;
2026 წლის 24 და 25 ივლისის სასისტემო ავარიებთან დაკავშირებით სს „ხრამჰესი 1”-ის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ;
სემეკის სხდომის გადადება მოითხოვა როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე „ხრამჰესის" წარმომადგენელმა.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება ენგურჰესს, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო".
"ენგურჰესი რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება. რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი. აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან მაშინ შესაბამის დასკვნებს", - აცხადებდა ნარმანია 4 აგვისტოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.