საფრანგეთის პრემიერი ოპონენტებს: თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში ძალადობისა და ქაოსის დამკვიდრებაა - წესრიგის დაუყოვნებლივ აღსადგენად, მომავალ შაბათს უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზება იქნება
საფრანგეთში მასობრივი არეულობისა და 2 500-მდე პირის დაკავების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ოპონენტები ქაოსის დამკვიდრებაში დაადანაშაულა და წესრიგის აღსადგენად უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზება დააანონსა.
მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზის, ლიონის, ტულუზისა და მარსელის ცალკეულ უბნებში, ღამის კომენდანტის საათი მოქმედებს.
"სინამდვილეში, ძალიან გულუბრყვილო ვყოფილვარ, რადგან თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი - ქვეყანაში ძალადობისა და ქაოსის დამკვიდრება - დღეს სახეზეა. ასე რომ, დიახ, თქვენ ნამდვილად აირჩიეთ თქვენი ბანაკი: ეს სირცხვილის ბანაკია და ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ვიბრძოლებთ! მომავალ შაბათს უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზება იქნება. გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინება. მიზანი საკმაოდ მარტივია: წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენა; პირველ რიგში, საუბარია კომენდანტის საათზე", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ.
პრეფექტებს დაევალათ, აკრძალონ ყველა ის შეკრება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის, ხოლო სამთავრობო შენობების დასაცავად, ქალაქებში არმიის დანაყოფებს განათავსებენ. აქციებს თან ახლდა ძალადობა და მაროდიორობა.
ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა და გაიძარცვა დაახლოებით 3 000 სავაჭრო ობიექტი, შეტაკებების შედეგად, დაშავდა ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი, ასევე პოლიციელი და ჟანდარმერი.
პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადასტურებს, რომ აქციების პერიოდში საჯარო სივრცეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეში სულ 2 500-მდე პირი დააკავეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.