გურამ მაჭარაშვილი: ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე, სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება პლურალიზმის, დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ?
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული კანონი საქართველოში რომ მოქმედებდეს, ასობით ადამიანი იქნებოდა დასაპატიმრებელი. იგი საფრანგეთის ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს ქართულ გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით.
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა.
სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც საფრანგეთშია, საქართველოში რომ მოქმედებდეს, ასობით ადამიანი იქნებოდა დაკავებული.
"ის კანონი, რომელიც ახლა საფრანგეთის სენატმა მიიღო, ამ ეტაპზე საქართველოში რომ მოქმედებდეს, ალბათ, ასობით ადამიანი იქნებოდა ამ საფრანგეთის კანონის შესაბამისად დასაპატიმრებელი და მილიონობით თანხა იქნებოდა ბიუჯეტში გადასახდელი, რომელი კანონიც მეტყველებს იმაზე, რომ არ უნდა ჩაერიო პოლიტიკურ პროცესებში და არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაციები.
ეს ერთი ფაქტი და მეორე - როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს ასეთ კანონებს, რომ მის პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში არავინ არ უნდა ჩაერიოს და არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაციები, აბსოლუტურად სწორი და გასაგებია. მაგრამ რატომ არის ეს მიუღებელი, მაგალითად, საქართველოში, როდესაც იგივე კანონს ვიღებდით უცხოური გამჭვირვალობის შესახებ და იყო პრაქტიკულად იქიდან უსამართლო განცხადებები, მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლებისგან?
ანუ ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე, სამართლიანობა და ქართველ ხალხს არ სჭირდება? ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება ზოგადად პლურალიზმის, დემოკრატიის, სამართლიანობის მიმართ? ამისთვის დაფუძნდა ევროკავშირი, რომ საფრანგეთმა თქვას, ჩემ ქვეყანაში მინდა სამართლიანობა და დამოუკიდებლობა და საქართველოში - არა?," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.