საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მათ 176 000 ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ უკანონოდ 49 300 ლარი მიიღეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაიას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.