"ჩემი შვილი ციხეში სასტიკად სცემეს, თმებით ათრიეს!... გვაკმარეთ" - პატიმრების მშობლები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ
პატიმრების მშობლებმა და ადვოკატებმა მთავრობის ადმინისტრაციაში საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა შეიტანეს, ციხეებში პატიმრების სასტიკ ცემასა და ძალადობაზე ისაუბრეს და 16 ნოემბერს პარლამენტთან აქცია დააანონსეს.
პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ - შესაბამისი მოთხოვნით განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მსჯავრდებულების მშობლებმა და იურისტებმა ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციაში მიტანეს და 16 ნოემბერს დიდი აქცია პარლამენტთან დააანონსეს.
"გვაკმარეთ და გვანახეთ ჩვენი შვილები" - ეს იყო კანცელარიასთან შეკრებილი დედების სათქმელი ხელისუფლებისთვის.
მშობლებმა ასევე ისაუბრეს ციხეში მათი შვილებისადმი განხორციელებულ ძალადობასა და არასათანადო პირობებზე.
"ციხის უფროსები არიან თუ ციხის ჯალათები, არავის გაქვთ უფლება ზედმეტად პატიმრების დასჯისა" - ამბობენ მშობლები.
ჩემი შვილი არის რუსთვის მეექვსე ყველაზე მკაცრ ციხეში, სადაც რამდენჯერმე იყო მოწყობილი პროვოკაციები, რომ მისთვის ის უსამართლო 10 წლის გარდა კიდევ დაემატებინათ 10-12 წელი. სასტიკი ცემა, 2 კვირა დეესკალაციის ოთახში ჩაგდება, ხელბორკილებიანი დაგრეხილი, თმების თრევა. ძალიან გამწარებული და გულნატკენი ვარ ჩვენი მთავრობის უსამართლობით. მოვითხოვ პირადად მე, რომ ყველა პატიმარმა სამართლიანად და უსამართლოდ მიიღო თავისი სასჯელი და გვაკმარეთ. ციხის უფროსები არიან თუ ციხის ჯალათები არიან, არავის გაქვთ უფლება ზედმეტად პატიმრების დასჯისა".- აცხადებს მშობელი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან იდგა 81 წლის დედაც, რომელიც ხელისუფლებას შვილისთვის სასჯელის შემსუბუქებას სთხოვდა საყოველთაო ამნისტიას ითხოვდა.
პირობები ჩემამდე არ მოდის. ჩემი შვილი არ ამბობს, რომ მე არ ვინერვიულო. ის, რომ პირობები არადამაკმაყოფილებელია, ყველა ლაპარაკობს. ამიტომ, ჩვენ მშობლები, მე 81 წლის დედა ვთხოვ მთავრობას საყოველთაო ამნისტიას, რომ რამდენიმე წლით მაინც შეუმსუბუქდეთ სასჯელი და ჩვენ მშობლებმა ვნახოთ ჩვენი შვილები", - ამბობს მშობელი.
ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.