აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო
ბათუმში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. საღამოზე „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით საოპერო სოლისტებსა და ხელოვანებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, კაპელა და სოლისტები წარდგნენ.
ფესტივალი გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა და ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და კლასიკური მუსიკისადმი საზოგადოების ინტერესის გაძლიერებას ემსახურება.
გალა-კონცერტის ფარგლებში, „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საოპერო სოლისტებს მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილსა და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.
პროგრამის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ალექსანდრე ხომერიკის მნიშვნელოვან როლს ბათუმში საოპერო თეატრის განვითარებაში და ფესტივალს შემოქმედებითი გაძლიერება და წარმატებები უსურვა.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ა(ა)იპ „რიტმას“ ორგანიზებით, ბათუმის მერიისა და დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.
საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები, ალექსანდრე ხომერიკის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.