გურანდა ბილიხოძე: „რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს“
ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე საზოგადოების ნაწილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთში მომხდარი ვანდალიზმის დამგმობებმა თბილისში ქუჩების გადაწვასა და პოლიციელებზე თავდასხმებს „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“ უწოდეს.

„ახლა რომ გამოდიხართ ზოგიერთი თქვენგანი Facebook-პოსტებით და ხბოს აღტაცებით წერთ საფრანგეთში მომხდარ საშინელ ძალადობასა და ვანდალიზმზე, ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველზე – და არა მხოლოდ იქ – მათ შორის, 4 ოქტომბერს ორბელიანზე, ქუჩები იწვოდა?“ – წერს ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე სოციალურ ქსელში.
“იწვოდა მანქანები, ისროდნენ “მოლოტოვის კოქტეილებს” პარლამენტის შენობის მიმართულებით და ცეცხლი წაუკიდეს შენობის ოთახებს. იგივე წარმატებით ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელებს. გადაწვეს ქუჩაში არსებული ნაგვის ბუნკერები, პარკებიდან აიღეს სკამები და მათაც ცეცხლი წაუკიდეს.
ქაშუეთის მიმდებარედ ოფისები გატეხეს, გამოიტანეს ტექნიკა, კომპიუტერები, პრინტერები, სკამები და მაგიდები და ყველაფერი შუა რუსთაველზე დაწვეს. უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა. ფეხით სავალ გზებზე დაგებული ფილებიც კი აყარეს და პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ – პიროტექნიკასთან და “მოლოტოვის კოქტეილებთან” ერთად.
ამ ყველაფრის ფონზე, მე და ჩემს კოლეგებს მუშაობა გვიწევდა ენით აღუწერელი შეურაცხყოფის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის პირობებში. და კიდევ უამრავი რამ მოხდა, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი. არც მინდა, ეს ტექსტი უსასრულოდ გაგრძელდეს.
ახლა კი მთავარი კითხვა:
მაშინ სად იყავით?
რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? რატომ არ წერდით იმ ძალადობაზე, რომელიც თქვენს თვალწინ ხდებოდა? უმეტესობამ რატომ აირჩიეთ დუმილი და, უფრო მეტიც – რატომ აღმოჩნდით ბოროტების მხარეს?
თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები თქვენთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“?
ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია, იქნება ის პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. დემოკრატია კი ვერასდროს იქნება გამართლება ძალადობის, სხვისი ქონების განადგურებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიისთვის.
ამიტომ, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია“, – წერს გურანდა ბილიხოძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ახლა რომ გამოდიხართ ზოგიერთი თქვენგანი Facebook-პოსტებით და ხბოს აღტაცებით წერთ საფრანგეთში მომხდარ საშინელ ძალადობასა და ვანდალიზმზე, ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველზე – და არა მხოლოდ იქ – მათ შორის, 4 ოქტომბერს ორბელიანზე, ქუჩები იწვოდა?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.