საფრანგეთის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია
საფრანგეთში განათლების რეფორმის საწინააღმდეგო პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რის გამოც 2 400-მდე პირი დააკავეს და 1 000-მდე სამართალდამცველი დაშავდა. პრეზიდენტმა მაკრონმა მომხდარს „რესპუბლიკის დამხობის მცდელობა“ უწოდა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
მასობრივ არეულობაში გადაიზარდა საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი - ქვეყნის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია.
მოსწავლეებისა და სტუდენტების გამოსვლებს კომუნისტური პარტია, პალესტინის მხარდამჭერი და ულტრამემარცხენე ჯგუფები შეუერთდნენ. პარიზში, ლიონში, მარსელში, ბორდოში და ლიმოჟში ვანდალიზმის, მაროდიორობის, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები ფიქსირდება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათს, ქვეყნის მასშტაბით, 2 400-მდე პირი დააკავეს - მათ სახელმწიფო და კერძო ქონების განზრახ განადგურება, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, ჯგუფური ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და სამართალდამცველებზე შეიარაღებული თავდასხმა ედებათ ბრალად.
ქალაქ ლიმოჟის მერმა კი მერიის ისტორიული შენობის დაწვა "განზრახ მკვლელობის მცდელობად" შეაფასა, რადგან თავდასხმის მომენტში შენობაში თანამშრომლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
პარიზში კი შეტაკებებისას გულის შეტევით გარდაიცვალა აქციის ერთი მონაწილე. ქვეყნის მასშტაბით, დაშავებულია დაახლოებით 1000 სამართალდამცველი და მეხანძრე - მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკის დამხობის მცდელობა" უწოდა და ძალადობაში ულტრამემარცხენე დაჯგუფებები და კრიმინალური ელემენტები დაადანაშაულა. მაკრონმა დამნაშავეების უმკაცრესად და სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.