თბილისის ბაღებისთვის ხორცის ყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩავარდა. სააგენტო ხელშეკრულებას გამარტივებული წესით...
თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩავარდა, რის გამოც სააგენტო 192 ბაღის მოსამარაგებლად 1,788,823 ლარის ხელშეკრულებას შპს „მითარეასთან“ გამარტივებული წესით აფორმებს.

თბილისის ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, 12-ჯერ ჩავარდა. ამის გამო თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო შპს „მითაერასთან“ ხელშეკრულებას გამარტივებული წესით აფორმებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ღირებულება 1 788 823.36 ლარია. ძროხის გაციებული ხორცით ჯამში, თბილისის მასშტაბით 192 ბაღი უნდა მოამარაგონ.
სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის 2026 წლის 19 მაისის შემდგომ 12-ჯერ გამოცხადდა საქონლის ხორცის შესყიდვის კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც არცერთხელ არ შედგა.
ამ გარემოებამ კი კანონმდებლობით განსაზღვრული კვებითი ნორმების რღვევისა და ცილოვანი პროდუქტების დეფიციტის საფრთხე გააჩინა.
„საბავშვო ბაღებში მკაცრად არის რეგულირებული ბავშვის დღიური კალორაჟი (1292 კალორია) და საკვები პროდუქტების ნორმები. კერძოდ, საქონლის ხორცის დღიური ნორმა შეადგენს 44 გრამს (კვირაში 220 გრამს)...
... საქონლის ხორცი წარმოადგენს სავალდებულო და შეუცვლელ ცილოვან ჯგუფის პროდუქტს, რომლის რეგულარული მიღებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
რას ჭამდნენ ბაღის აღსაზრდელები აქამდე?
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე, სააღზრდელო პროცესები რომ არ ჩაშლილიყო სააგენტომ მიიღო ზომები და საბავშვო ბაღებმა ერთი თვის მარაგი შეიძინეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სანამ კონსოლიდირებული ტენდერი შედგებოდა.
„თუმცა, დღეის მდგომარეობით, ბოლოს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი კვლავ არ შედგა“, - აცხადებენ უწყებაში.
რომელ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას სააგენტო გამარტივებული წესით?
საჯარო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ბაგა-ბაღების სააგენტოს ბაზრის კვლევა ჩაატარა, რაშიც მონაწილეობა ორმა კომპანიამ: „საბამ“ და „მითარეამ“ მიიღო. ხელშეკრულება „მითარეასთან“ გაფორმდა, რადგან მან სახელმწიფო სტრუქტურას უფრო დაბალი ფასი შესთავაზა.
ჯამში, 43 629,96 კგ საქონლის ხორცი უნდა შეისყიდონ.
რა ვიცით კომპანიაზე?
შპს „მითარეა“ 2021 წელს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნინო სულაბერიძეა.
კომპანიას თავიდან მსხვილი შესყიდვები არ ჰქონდა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს მზა და დაკონსერვებულ თევზს აწვდიდა. ხელშეკრულების ღირებულება 175 000 ლარი იყო.
ამ კომპანიამ მოიგო 2024 წელს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი და თბილისის მარცხენა სანაპიროზე მდებარე საბავშვო ბაღებს ძროხის გაციებული ხორცით ამარაგებდა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტი იყო.
დღეისათვის კომპანია დედაქალაქის ათეულობით ბაღთან თანამშრომლობს.
კვება ბაგა-ბაღებში
თბილისის საბავშვო ბაღებში კვების საკითხი არაერთხელ გამხდარა კითხვებისა და კრიტიკის მიზეზი.
სასწავლო წლის დაწყებიდან მეოთხე დღეს, თბილისის 20 საჯარო საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. მათ სამედიცინო დახმარებისთვის ექვს კლინიკას მიმართეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შემოწმებები ჩატარდა ოთხ ბაღსა და საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. ეპიდემიოლოგიური რისკების გამო შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების სავარაუდო ძირითადი მიზეზი ნოროვირუსი იყო. თუმცა, კვლავ გასარკვევი რჩებოდა, როგორ და საიდან გავრცელდა ვირუსი სხვადასხვა ბაღში.
გამოძიებისა და ლაბორატორიული კვლევების მიმდინარეობისას თბილისის ბაღების მენიუდან რძის პროდუქტები დროებით ამოიღეს. ეს პრევენციული ღონისძიება იყო და თავისთავად არ ნიშნავდა, რომ პროდუქტებში დარღვევა უკვე გამოვლენილი იყო.
28 სექტემბრიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა და ბავშვების რაციონში ჩვეულებრივი მენიუ დაბრუნდა.
15 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას სურსათის უვნებლობის დადგენილი ნორმების დარღვევა არ გამოვლენილა.
რადიო თავისუფლებას ბაგა-ბაღებში კვებაზე ჟურნალისტური გამოძიებებიც აქვს მომზადებული.
ციტატები სტატიიდან
„თუმცა, დღეის მდგომარეობით, ბოლოს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი კვლავ არ შედგა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.