"ნიუ იორკ თაიმსი": ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს
The New York Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რათა მოსკოვი ომის დასრულებაზე დაითანხმოს.

"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ რუსეთს კიდევ ერთ "გადარჩენის გზას" სთავაზობს: ევროპისთვის მეტი გაზის მიყიდვის ნებართვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამ იდეას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად წარმოადგენს.
აშშ-ის შეთავაზების თანახმად, ევროპამ კვლავ უნდა დაიწყოს რუსული გაზის უფრო დიდი მოცულობით შესყიდვა - ნაბიჯი, რომელიც მოსკოვისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და რეგიონში მის გავლენას აღადგენს.
გამოცემა მოლაპარაკებების დეტალებში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა, ეს იდეა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრეს; მათ შორის, გასულ თვეში კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას. ამერიკული მხარის არგუმენტით, იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებაზე დაითანხმონ, უკრაინამ უნდა განიხილოს იმ მილსადენების ამოქმედება, რომლებითაც ადრე რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში მიეწოდებოდა.
იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალ გზებს ეძებს, ხოლო დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო წუხს, ადმინისტრაცია სულ უფრო ხშირად განიხილავს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტს გაუადვილებს.
ევროპა ამ წინადადების მიმართ სიფრთხილეს იჩენს, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ რუსეთი გაძლიერდება, თუმცა, გერმანიის ხელმძღვანელობა საკუთარ ქვეყანაში ომთან და კონკრეტულად, გაზის იმპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ზეწოლას განიცდის. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის"(AfD), რომელიც ეროვნულ გამოკითხვებში თითქმის 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, რუსული გაზის იმპორტის განახლებას ინფლაციასთან ბრძოლისა და გერმანიის ეკონომიკის გაძლიერების გზად წარმოაჩენს.
მერცმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა საჯაროდ გააკრიტიკეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის შესახებ; მათი თქმით, ამ ნაბიჯმა დაარღვია მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის კამპანია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.