22 ახალი პროფესიული მიმართულება და ახალი შესაძლებლობები მსურველებისთვის - თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის
თბილისის მერიის პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ 22 ახალი მიმართულება დაემატა, მონაწილეებს კი უფასო სწავლებასთან ერთად თვეში 500-ლარიანი ანაზღაურებადი სტაჟირება შესთავაზეს. მოკლევადიან სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სტუდენტები ავტომობილის ელექტრო სისტემების შემსწავლელ კურსს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან. სამთვიანი პროგრამა 7 მოდულს აერთიანებს და თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს. მომდევნო ნაკადზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მერიის პროგრამის მონაწილეებისთვის სწავლა უფასოა.
"ისწავლე და დასაქმდი" - მერიის პროგრამას 22 პროფესიული კურსი დაემატა. ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებულია ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ციფრული დიზაინი, მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები. სასწავლო კურსების ხანგრძლივობა ორიდან ხუთ თვემდეა.
ამ სივრცეში სტუდენტები დრონის მართვას სწავლობენ. კურსი სიმულაციურ სწავლებასაც მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დრონის ეფექტიან, უსაფრთხო მართვას და სწრაფ მანევრირებას ეთმობა. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს მიიღებენ.
მერიის პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია აქტიურად გრძელდება კულინარიის, ბიზნესის, სამშენებლო და ცხოველთა მოვლის მიმართულებებზეც. კურსები შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით შეირჩა. პროგრამა მოქალაქეებს სრულიად ახალი პროფესიული უნარების დაუფლებისა და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის კიდევ ერთი სიახლე 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაა. ათობით კომპანიამ კურსდამთავრებულების მიღებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა. თბილისის მერია სტაჟიორებს ყოველთვიურად 500 ლარით დააფინანსებს.
მერიის სტატისტიკური მონაცემებით, პროგრამის კურსდამთავრებულთა 75%-ზე მეტი დასაქმებულია. 2018 წლიდან დღემდე პროფესიული გადამზადება 17 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. პროგრამის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.
60-ზე მეტი პროფესიული მიმართულება, სრულად დაფინანსებული სწავლება და ანაზღაურებადი სტაჟირება - მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად სპეციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
ავტორი: ირაკლი კოშაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.