თავდადება, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის თავისუფლებისთვის გაღებული წვლილი - საქართველო ვეტერანის დღეს აღნიშნავს
საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე 70 000-მდე ვეტერანს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართეს.
თავდადება, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის თავისუფლებისთვის გაღებული წვლილი - საქართველო ვეტერანის დღეს აღნიშნავს. სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე 70 000-მდე ვეტერანს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომლის ფასიც ვეტერანებმა ყველაზე კარგად იციან.
ვეტერანებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომლებითაც ვეტერანები სარგებლობენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ცვლილებები არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების უზრუნველყოფის ნაწილში. პრემიერი მიიჩნევს, რომ ვეტერანების გმირობის მაგალითები ახალ თაობაში სწორ ღირებულებებს ამკვიდრებს.
ის, რომ ვეტერანებმა სამშობლოს წინაშე ვალი ღირსეულად მოიხადეს, ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ყველაზე წინ სამშობლოს სამსახური დააყენეს.
ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, სამშვიდობო მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე - ვეტერანების როლსა და მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე თავდაცვის მინისტრმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გზავნილიც მოისმინეს. შიო მესამის წერილი დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.
თარიღს ყოველ წელს 70 000-მდე ვეტერანი აღნიშნავს. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები.
ვეტერანთა დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. ეს დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.