საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს - ვინ დაესწრება საქმის არსებით განხილვას
საკონსტიტუციო სასამართლო 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსარჩელე მხარე პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება, ოპოზიცია კი პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაშია.
პოლიტიკური ველის გაჯანსაღება ის ვალდებულებაა, რომელიც უმრავლესობის ლიდერის თქმით ხელისუფლებას საზოგადოებამ დაავალა. სწორედ ამიტომ ზუსტად 4 დღეში 88 დეპუტატის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს. ირაკლი კირცხალიას თქმით, მოსარჩელე მხარე მოსამართლეთა პლენუმის წინაშე მყარი არგუმენტებით და უტყუარი მტკიცებულებებით წარდგება, სამართლებრივი ბერკეტის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია კი, უმრავლესობის ლიდერით თქმით, მაშველი რგოლის გადმოგდებას ისევ ქვეყნის გარედან ითხოვს.
ვიდრე 5 პოლიტიკური სუბიექტის კანონგარეშედ გამოცხადების საკითხზე მსჯელობა დაიწყება, ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე ისევ ვერ შეთანხმდა. ნაწილს სასამართლო ტრიბუნის გამოყენება სურს, ნაწილი კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. 7 კაციანი მოსამართლეთა პლენუმის წინაშე პოლიტიკური უფლებები სამართლებრივად დაცვას აანონსებს გვარამიას გუნდი, თუმცა რა მტკიცებულებებით? - ამაზე პარტიის წევრები არ საუბრობენ.
გახარიას არ მოუფიქრებია. გვარამია სასამართლოში, ჩერგოლეიშვილი კი სასამართლოს გარეთ ყოფნას გეგმავს. ოპოზიციური ალიანსის წევრებმა საზოგადოებისთვის ერთობის ჩვენება ვერც ამჯერად შეძლეს.
21 ოქტომბერს თბილისიდან ბათუმში გეზს, ნაციონალური მოძრაობა და ლელოც აიღებენ. სასამართლო პროცესზე ორივე პარტია იურისტების გუნდთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ამტკიცებენ, რომ მოსარჩელე მხარის წინააღმდეგ არგუმენტებს წარადგენენ, თუმცა ამავდროულად ლელოს წევრები დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვენ.
მძიმე შედეგები, ქართული ოცნების თქმით ქვეყანამ თავიდან მაშინ აიცილა, როცა ოპოზიცია პოლიტიკური რეალობის შეცვლას ძალადობრივი და რევოლუციური გზით ცდილობდა. სახელისუფლებო პარტიას იმედი აქვს რომ კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც საპარლამენტო კომისიის თითქმის 500 გვერდიან დასკვნაც ამყარებს სრულად იქნება გაზიარებული და მოსამართლეთა პლენუმი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვინ წარადგენს კონსტიტუციურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში? პრემიერ მინისტრის თქმით, მოსარჩელე მხარე პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება. მთავრობის მეთაურის თქმით სამართლებრივი საქმის პოლიტიზებას ოპოზიცია ვერც ამჯერად შეძლებს, რადგან ხელისუფლება კონსტიტუციურ უფლებას იყენებს. ამ მხრივ მმართველი გუნდი გამონაკლისი არ არის, ირაკლი კობახიძემ დღეს საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა.
''ნაციონალური მოძრაობის'', ახალის, "ლელოს", "ფედერალისტების" და პარტია"საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე მოსამართლეთა პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.