პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ცნობით, ორმა პირმა დაზარალებულებს თაღლითურად 950 000 ლარის ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა — მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ და პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თითქოსდა, ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმების და შესაბამისი მოგების განაწილების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხას.
ასევე, წარსულში სხვისი ქონების მითვისებისთვის ნასამართლევმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დაზარალებულს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია დაუკვეთა და დაჰპირდა, რომ ღირებულებას, მიწოდებიდან მალევე გადაუხდიდა. ბრალდებულმა აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად მიისაკუთრა, ვალდებულება კი არ შეასრულა.
ბრალდებულებმა დაზარალებულებს 950 000 ლარის ზიანი მიაყენეს, რის შემდეგაც მიიმალნენ და საქართველოს დატოვეს.
ორივე პირს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,"- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.