ტრამპი: ზელენსკისთან მოლაპარაკება გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან. ზელენსკი უკვე დიდი ხანია თანამდებობაზეა და თუ მათ მართლა სურთ კონფლიქტის მოგვარება, მაშინ ცვლილებების დროა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან, და კონფლიქტის მოსაგვარებლად უკრაინაში ცვლილებების დრო დადგა. ტრამპი ზელენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისა და ნავთობის ფასის ზრდის გამოც აკრიტიკებს.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აგრძელებს. დონალდ ტრამპი ზელენსკის ბრალდებებს უყენებს და უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკისთან მოლაპარაკება გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან და კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულება მისი მონაწილეობით არ მოხდება, რადგან ის საქმით არ ადასტურებს შეთანხმების სურვილს.
"მსურს, რომ ეს სისხლის ღვრა შეწყდეს - მინდა, რომ შეჩერდეს, როგორც ზელენსკი, ისე პუტინი. ზელენსკიმ კვლავ განაახლა დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რითაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს ზრდის. ეს აღმაშფოთებელია. არსებობს უამრავი სხვა სამიზნე, რომლებზეც დარტყმის მიტანა შეიძლება და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ამ ობიექტების განადგურება.
გულწრფელად გითხრათ, ზელენსკი უკვე ძალიან დიდი ხანია თანამდებობაზეა და თუ მათ მართლა სურთ ამ კონფლიქტის მოგვარება, მაშინ ცვლილებების დრო დადგა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთი ახალგაზრდა უკრაინელი ქალის ინტერვიუს ვუყურე, რომელმაც თქვა: "პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კაცები წაგვართვა. ჩვენს მამაკაცებს ხელ-ფეხი აღარ აქვთ, ბევრი მათგანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან უბრალოდ ცოცხალი აღარ არისო".
ვერავინ დამაჯერებს, რომ უკრაინელი ხალხი კმაყოფილია იმ რეალობით, სადაც მათ საცხოვრებელ კორპუსებს რაკეტები ხვდება. თუმცა თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლესაც: რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა. მათ შეუძლიათ ბრძოლის ველზე მილიონი ჯარისკაცი დაკარგონ და ზურგში კიდევ მრავალი მილიონი ჰყავდეთ, უკრაინას კი ამხელა ადამიანური რესურსი არ გააჩნია.
ზელენსკი ჩვენთვის საურთიერთოდ და მოსალაპარაკებლად კარგი პარტნიორი არ არის. ბაიდენმა მას ასობით მილიარდი დოლარი და უამრავი მილიარდის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.
მიმაჩნია, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან. ვფიქრობ, თუ ეს კონფლიქტი საბოლოოდ რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება, ეს ზელენსკის მონაწილეობით არ მოხდება, რადგან მას მორიგება არ სურს. სიტყვით ამბობს, რომ შეთანხმება უნდა, მაგრამ საქმით ამას არ ადასტურებს. არა, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ - მათ საკუთარი ქვეყანა გაანადგურეს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს დაიწყო, როდესაც უკრაინას ყირიმი დაათმობინეს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ლუკა ჩლაიძე
ციტატები სტატიიდან
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კაცები წაგვართვა. ჩვენს მამაკაცებს ხელ-ფეხი აღარ აქვთ, ბევრი მათგანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან უბრალოდ ცოცხალი აღარ არისო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.