დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი, იარაღი და საბრძოლო მასალა
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის მამა ირწმუნება, რომ სოფელ აღაიანში ამოღებული 71 კილოგრამამდე კანაფი მის შვილს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლში ჩატარებული ჩხრეკებისას 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის მამა ირწმუნება, რომ 71 კილოგრამამდე მცენარე კანაფი მის შვილს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.
საუბარია 40 ძირ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს, სოფელ აღაიანში, საკუთარი სახლის ეზოში მოჰყავდა. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი სახლიდან მარიხუანაც ამოიღეს.
დაკავებულის მამა იხსენებს, რომ მისი შვილი ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია, მშობელმა ჯერ არ იცის, ითანამშრომლებს თუ არა 42 წლის მამაკაცი გამოძიებასთან.
კანაფის ბუჩქები ჰქონდა გაშენებული საკუთარი სახლის ეზოში 61 წლის კაცსაც, სოფელ ტეზერში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღეს სამართალდამცველებმა სახლიდან და ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობიდან.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები რეგიონის სხვა ქალაქებშიც ჩაატარეს, მათ შორის - გორშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღკვეთილია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების გავრცელების არაერთი ფაქტი.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ჩხრეკების დროს, ნარკოტიკებთან ერთად, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.