პოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავის გაქურდვისა და ლითონის დეტალების მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის
და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი
პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12
საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა,
რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში
ჩააბარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს,
ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.