დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2 165 ლარია – საქსტატი
საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 9.9%-ით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. ამასთან, კაცების საშუალო ანაზღაურებამ 2 586.5 ლარს მიაღწია, რაც ქალების ხელფასს (1 743.4 ლარი) თითქმის ყველა სექტორში აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.
საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემები 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);
მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).
ამავე დროს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). „საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს“ – წერს საქსტატი.
საქსტატი ადარებს 2025 წლის მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორშიც და წერს, რომ 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამეწარმეო, ბიზნეს სექტორს, აქ, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა.
„საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით) დარგში დაფიქსირდა“ – წერს საქსტატი.
საქსტატი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
წყარო: საქსტატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.