ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Wall Street Journal: უკრაინაში აცხადებენ, რომ Starlink-ის შეზღუდვა მათ სამხედრო ოპერაციებს აფერხებს

SpaceX-მა Starlink-ის მოძრავ ტერმინალებს სიჩქარე წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუზღუდა, რაც უკრაინის სამხედრო ოპერაციებსა და დრონების მართვას აფერხებს, იუწყება The Wall Street Journal-ი კიევზე დაყრდნობით.

The Wall Street Journal: უკრაინაში აცხადებენ, რომ Starlink-ის შეზღუდვა მათ სამხედრო ოპერაციებს აფერხებს
The Wall Street Journal: უკრაინაში აცხადებენ, რომ Starlink-ის შეზღუდვა მათ სამხედრო ოპერაციებს აფერხებსიმედინიუსი

უკრაინის განცხადებით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა სამხედრო დანიშნულების Starlink-ის ტერმინალებისთვის სიჩქარის ახალი შეზღუდვები წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააწესა. კიევის ცნობით, ეს საშუალო მანძილზე დრონებით დარტყმების განხორციელებისა და რუსეთის ახალი თაობის რეაქტიული დრონების ჩამოგდების მიმართულებით უკრაინის შესაძლებლობებს ზღუდავს, იუწყება The Wall Street Journal-ი.

Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები უკრაინას ფრონტის ხაზზე ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელებასაც ურთულებს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევზე ზეწოლას აძლიერებს და უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტას სთხოვს. ტრამპი ომის გაგრძელებაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს და მას თანამდებობიდან წასვლისკენაც მოუწოდებს.

„ვადასტურებ, რომ SpaceX-მა წუხელ Starlink-ის იმ ტერმინალებისთვის დააწესა სიჩქარის შეზღუდვა, რომლებიც მოძრაობის დროს გამოიყენება“, - დაწერა ზელენსკის მრჩეველმა სერჰი ბესკრესტნოვმა, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ამ შეზღუდვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და შედეგად, რამდენიმე მისიის განხორციელება შეფერხდა.

SpaceX-ს, რომელიც Starlink-ის სისტემას აწარმოებს, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემის ცნობით, უკრაინა ბრძოლის ველზე ოპერაციებისთვის SpaceX-ის Starshield-ს იყენებს. ეს Starlink-ის სააბონენტო სერვისია, რომელიც სამთავრობო და სამხედრო მიზნებისთვის არის განკუთვნილი. უკრაინამ დრონებისა და სხვა ავტომატიზებული შეიარაღების სისტემების საკუთარი ძალებით შექმნის წყალობით რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზის შენარჩუნებაში შედარებით დამოუკიდებლობას მიაღწია.

თუმცა ამ სისტემების ნაწილი კავშირს Starshield-ის საშუალებით ამყარებს. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ანალიტიკოსების თქმით, ტერმინალთან კავშირის შესანარჩუნებლად დასაშვები სიჩქარის შემცირება სამხედრო ოპერაციებს ართულებს.

დრონებს ფრენა კვლავ შეუძლიათ, თუმცა პირდაპირი ვიდეოგადაცემის საიმედოობა მცირდება, განსაკუთრებით მოძრავი სამიზნეების დევნისას. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატები Starshield-თან კავშირის შესანარჩუნებლად უფრო ნელა უნდა გადაადგილდნენ, რაც მათ მოწინააღმდეგის თავდასხმის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

უკრაინულ დრონებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დაფრინავენ, Starshield-ის გამოყენება მანამდეც აკრძალული ჰქონდათ. შესაბამისად, უკრაინის დარტყმები რუსეთის დიზელის საწვავის საცავებსა და ქარხნებზე, რომელთა შეჩერებასაც ტრამპი ცდილობს, ახალი შეზღუდვების შედეგად, სავარაუდოდ, არ დაზარალდება. ამის შესახებ გამოცემას ოფიციალურმა პირებმა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეს დრონები ნავიგაციისთვის სხვა თანამგზავრულ სისტემებს, ინერციულ ნავიგაციას, რელიეფის ამოცნობასა და სხვა მეთოდებს იყენებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვადასტურებ, რომ SpaceX-მა წუხელ Starlink-ის იმ ტერმინალებისთვის დააწესა სიჩქარის შეზღუდვა, რომლებიც მოძრაობის დროს გამოიყენება“
სერჰი ბესკრესტნოვი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?