გოჩა მირცხულავა: რატომ ჩქარობს "ოცნებს" ოპოზიციური პარტიების აკრძალვას? - ოთხი შესაძლო სცენარი
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეების განხილვას, სიმართლე გითხრათ, 2027 წლისთვის ველოდი. რას შეიძლება ნიშნავდეს პროცესის დაჩქარება? ჩემი აზრით, ამას ოთხი შესაძლო ახსნა აქვს.
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რატომ ჩქარობს "ოცნებს" ოპოზიციური პარტიების აკრძალვას? - ოთხი შესაძლო სცენარი
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეების განხილვას, სიმართლე გითხრათ, 2027 წლისთვის ველოდი.
რას შეიძლება ნიშნავდეს პროცესის დაჩქარება? ჩემი აზრით, ამას ოთხი შესაძლო ახსნა აქვს.
პირველი: „ქართული ოცნება“ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. აქ ჩემი ძირითადი ეჭვი რუსეთის შესაძლო მოთხოვნებს უკავშირდება - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ მზადდებოდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვება.
და აქ ერთი არსებითი განსხვავებაა: მოქალაქეთა პროტესტის ჩახშობა ერთია, ხოლო უკვე აკრძალული და დანაშაულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებად გამოცხადებული ძალების წარმომადგენელთა წინააღმდეგ რეპრე��იული მექანიზმების ამოქმედება - სრულიად სხვა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორების სამართლებრივად შეფუთვის დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდება.
მეორე: შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. წინასწარ აკრძალული ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებას მისთვის გაცილებით კომფორტულ პოლიტიკურ ველს შეუქმნის. ასეთ პირობებში არჩევნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად და ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის მცდელობისთვის — შესაძლოა, 2035 წლამდეც.
მესამე: საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს - ზოგი პარტია აკრძალოს, ზოგი კი არა. ამის შემდეგ ხელისუფლებას გაუჩნდება შესაძლებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვაზე ისაუბროს. ანუ ნაწილობრივი უარი შეიძლება თავად პროცესის ლეგიტიმაციის არგუმენტად იქცეს.
მეოთხე: არ არის გამორიცხული, მოვლენები რომელიმე ერთი სცენარით კი არ განვითარდეს, არამედ მათი კომბინაცია მივიღოთ. შესაძლოა, ორი ან სულაც სამივე ზემოთ დასახელებული სცენარი ერთდროულად ამოქმედდეს: მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მომზადება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცის გადალაგება და ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების ლეგიტიმაციის ახალი მცდელობა. ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება კი სამართლებრივი დამოუკიდებლობის დემონსტრირებისთვის გამოიყენონ.
ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება არა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოვლენებთან, არამედ ერთიანი პოლიტიკური გეგმის შესაძლო ეტაპებთან, სადაც თითოეული ნაბიჯი მომდევნოსთვის ამზადებს ნიადაგს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ხელისუფლების გათვლა შეიძლება ასეთი იყოს: ამ პარტიების აკრძალვის გამო ქუჩაში მასობრივი პროტესტი არ დაიწყება. მეტიც, შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ თვით აკრძალული პარტიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილიც კი არ იქნება მზად ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის.
სწორედ ესაა ყველაზე სახიფათო გათვლა - როდესაც პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება შეიძლება მათი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვისთვის ხელსაყრელ გარემოებად იქცეს.
ჩემი გააზრებით, მოვლენების განვითარების კიდევ ორი შესაძლო სცენარი არსებობს. მაგრამ ისინი იმდენად მძიმეა, რომ ამ ეტაპზე მათი საჯაროდ განხილვაც კი არ მინდა.
და ბოლოს, პოლიტიკაში ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას აკეთებს ხელისუფლება, არამედ ის, რის გასაკეთებლად ცდილობს პოლიტიკური სივრცის წინასწარ მომზადებას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.