ლაშა ბუღაძე: დოსტოევსკის რომანები რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში არაა, ესეც დიდი ტყუილია და ამაში დასარწმუნებლად ამ წიგნის მაღაზიებში შესვლაა საჭირო
ენაწყლიან ფეხბურთელს უთქვამს, რომ წიგნის მაღაზიებში ბესტსელერია ჩემი რომანი, როცა დოსტოევსკის "ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან" ვერსად უნახავს ამ მაღაზიებში, მხოლოდ ბუკინისტებთანო, რაც ქ. ოცნების და თავად რუსების პროპაგანდის მსგავსად, ჩემი და ჩემნიარების რუსოფობიად გაუსაღებია.
მწერალი ლაშა ბუღაძე:
ენაწყლიან ფეხბურთელს უთქვამს, რომ წიგნის მაღაზიებში ბესტსელერია ჩემი რომანი, როცა დოსტოევსკის "ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან" ვერსად უნახავს ამ მაღაზიებში, მხოლოდ ბუკინისტებთანო, რაც ქ. ოცნების და თავად რუსების პროპაგანდის მსგავსად, ჩემი და ჩემნიარების რუსოფობიად გაუსაღებია. მილან კუნდერას იმოწმებს - მე რომ ვახსენებ - დოსტოევსკის წიგნების უკან რუსული ტანკები დგანანო. მომწონს, რომ კუნდერაც იცის ან წაუკითხავს ამ კაცს, მაგრამ კარგი იქნება ისიც იცოდეს, რომ ჩეხი მწერალი ამას იოსიფ ბროდსკის უწერს - კაცს, რომელიც ზიზღს ანთხევდა უკრაინის დამოუკიდებლობის გამო და საბჭოთა სისტემის კრიტიკის მიუხედავად, რეალურად არანაირი პრობლემა არ ჰქონია რუსული იმპერიალისტური იდეის მიმართ, რომლისთვისაც რუსული კულტურაც, დიახ, რუსული ექსპანსიის ნაწილი იყო ყოველთვის. თუმცა ბროდსკი, გრიბოედოვის ძეგლი თბილისში თუ ლერმონტოვის ქანდაკება ჯვრის მონასტრის მახლობლად კიდევ ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, თუ როგორი წალეკილია ივანიშვილის საქართველო შეფარული და ღია პუტინისტი "არტისტებით" - დღე არ გავა რომ რომელიმე ხაზანოვის გასტროლების რეკლამა არ ამოხტეს ინტერნეტში, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვის რეკლამები რუსულად და რუსებისთვის ოკუპაციის ახალ მოდალობად არის ქცეული.
ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც არ არის კმაყოფილი და კვლავაც ემბარგოს უწესებს ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებს, რადგან სამწუხაროდ დოსტოევსკის სიყვარული (ან ევროპის მტრად გამოცხადება ივანიშვილის მარიონეტებისგან) რუსეთისთვის სრულებით არ არის საკმარისი - მას ისევე უნდა საქართველოს დაპყრობა და მიერთება, როგორც დონბასისა და ლუჰანსკის ნაწილი და აფხაზეთი და ცხინვალი აქვს მიერთებული.
თავად დოსტოევსკის რომანები რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში არაა, ესეც დიდი ტყუილია და ამაში დასარწმუნებლად ამ წიგნის მაღაზიებში შესვლაა საჭირო, ხოლო "ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან" სწორედ ნაწამები და ნატანჯი პატიმრების იმ ღაღადზეა, რომელთა ხმაც კონფორმისტთა ყურამდე არ მიდის. ისე მაინც წაიკითხეთ დოსტოევსკი, რომ როგორმე ჩვენი დროის ტრაგედიაც ამოიცნოთ მისგან: ხმას რომ არ იღებთ ნაწამებ და გაუპატიურებულ პატიმარზე და ზეწოლად წარმოაჩენთ თანაგრძნობაზე მოწოდებას!.. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც "ჩინურია" თქვენნაირებისთვის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.