კახა კახიშვილი: ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მატება არასაკმარისი იყო
ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში არაერთხელ ვისაუბრეთ პენსიონერების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, პენსიების გაზრდის აუცილებლობასა და იმაზე, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის დაგეგმილი 20 ლარიანი მატება დღევანდელი ფასებისა და ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით სრულიად არასაკმარისი იყო. ამ საკითხს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდით.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი:
ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში არაერთხელ ვისაუბრეთ პენსიონერების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, პენსიების გაზრდის აუცილებლობასა და იმაზე, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის დაგეგმილი 20 ლარიანი მატება დღევანდელი ფასებისა და ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით სრულიად არასაკმარისი იყო. ამ საკითხს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდით.
დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ პენსიასთან შედარებით თითოეული პენსიონერი თვეში 45 ლარით, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 540 ლარით მეტს მიიღებს. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ფასების, მედიკამენტების, კომუნალური გადასახადებისა და ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით, 45 ლარიც ზღვაში წვეთია და 415 ლარი ადამიანის რეალური მინიმალური საჭიროებების სრულფასოვნად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ მიღებული გადაწყვეტილების დადებითი მხარე არ დავინახოთ. მისასალმებელია, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მატება გადაიხედა და პენსიონერებისთვის შედარებით მეტი თანხის გამოყოფა გადაწყდა.
ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მატება არასაკმარისი იყო. ვფიქრობთ, ხელისუფლებას ისიც კარგად ესმის, რომ გაზრდილი პენსიაც ვერ პასუხობს პენსიონერების რეალურ საჭიროებებს. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა პენსიების ეტაპობრივად გაზრდაზე, რათა საბოლოოდ მივიღოთ ისეთი ოდენობის პენსია, რომელიც ხანდაზმულ ადამიანს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯების დაფარვის გარდა, ოდნავ მაინც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ პენსიების საკითხი მხოლოდ ყოველწლიური მატებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. დროა, სახელმწიფომ სერიოზულად განიხილოს საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანის შრომით სტაჟსა და სამუშაო წლებსაც გაითვალისწინებს. ადამიანი, რომელმაც 35 ან 40 წელი იმუშავა, უნდა გრძნობდეს, რომ მისი მრავალწლიანი შრომა სათანადოდ ფასდება. ამავდროულად, აუცილებელია, შენარჩუნდეს სოციალური დაცვის გარანტიები მათთვისაც, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკმარისი სამუშაო სტაჟი არ დაუგროვდა.
ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება და მომავალში პენსიების საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ კი ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი მიზანი არც კრიტიკაა კრიტიკისთვის და არც მიღებული გადაწყვეტილებების უსაფუძვლო ქება. მთავარია, რომ ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების ცხოვრების პირობები რეალურად გაუმჯობესდეს. ჯონდი ბაღათურია
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.