ელენე ქაიხოსროშვილი: ერთხელ მაინც გახსოვთ, ვინმეს, უბრალოდ ბოდიში მოეხადა იმ ტრაგედიების გამო, რაც ხდება?
ელენე ქაიხოსროშვილი: რანაირად შეიძლება კორუპის ინგრეოდეს იმის გამო, რომ ადამიანს შემთხვევით რაღაცის გადატრიალება დაავიწყდა? როგორ ვიცხოვრო იმის შიშით, რომ შეიძლება, ონკანის გადატრიალება დამავიწყდეს და მარტო მე კი არა, მთელი კორპუსი მოკვდეს ამის გამო?

სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი:
მინდა, რომ ქართული ოცნების და პირველ რიგში, კახი კალაძის მხარდამჭერები დამეხმარონ ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემაში (იქნებ, თავად კახი კალაძეც..):
მე მესმის, რომ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაში ცალსახა არ არის (ადგილობრივი) ხელისუფლების პასუხისმგებლობის დანახვა, მისი გამოკვეთა და ამ პასუხისმგებლობაზე საუბარი. მესმის, რომ კავშირი არ არის ასეთი ცალსახა ბევრი ადამიანისთვის.
რაც ვიცით ამ წუთისთვის არის, რომ ადამიანს შემთხვევით, განზრახვის გარეშე, “მოშვებული” დარჩა გაზის ონკანი მთელი ღამის განმავლობაში და დილას, როცა გაზის ანთება სცადა, დაგროვილი გაზის გამო მოხდა აფეთქება, რამაც ჩამოანგრია კორპუსის ნაწილი, მოკლა 6 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები დედების თვალწინ…
რაც ზუსტად ვიცი, არის, რომ ასეთი უბედურება (გაზის ონკანის დატოვება) სამწუხაროდ, შეიძლება, ნებისმიერს დაემართოს. ადამიანის ტვინი და სხეული მანქანასავით არ მუშაობს. ხან დაღლილები ვართ, ხან, ემოციებით გადატვირთულები, ხან დასტრესილები… სამწუხაროდ, უამრავი მიზეზი არსებობს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ასეთი რამ: უბრალოდ, ონკანის უსაფრთხო მდგომარეობაში დატოვებისთვის ერთი მოძრაობის დაკლება…
ასევე, რაც ზუსტად ვიცი: შეუძლებელია, ნორმალური იყოს, რომ ადამიანის აბსოლუტურად ადამიანურმა შეცდომამ, ხელის ერთი გადატრიალების დავიწყებამ კორპუსის ნგრევა და დედების თვალწინ მცირეწლოვანი შვილების მოკვლა გამოიწვიოს.
არ ვიცი, როგორ ავხსნა უკეთ.. მაგრამ მგონია, რომ ყველანაირი მავნე განზრახვის გარეშე გაზის ონკანის გადაკეტვის დავიწყებასა და კორპუსის ნგრევას, შესაბამისად, კორპუსში მყოფი მაცხოვრებლების სიკვდილს შორის გაცილებით მეტი დამცავი ზომა უნდა იყოს, არა?.. ხო?
კიდევ უფრო მარტივად შევეცდები, რომ ვთქვა: მგონია, რომ აი, ამ წუთას, როცა დივანზე ვზივარ და ამ პოსტს ვწერ, ჩემ მთელ კორპუსთან ერთად (რა ვიცი,, 100-ზე მეტი ადამიანი ხომ ვიქნებით ეხლა სახლში?) ნანგრევებში სიკვდილს ერთი მაცხოვრებლის მიერ ონკანის გადაკეტვის დავიწყება არ უნდა მაშორებდეს, ხო?
გაზის დეტექტორი, რომელიც კორპუსს გააფრთხილებდა, კორპუსის მშენებლობის გეგმა, რაშიც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაწერილია, სად შეიძლება ეყენოს აფეთქებადი მოწყობილობა.. ეს ყველაფერი ხომ არსებობს? ხომ შესაძლებელია ეს ყველაფერი ნორმალურ ქვეყნებში? ჩვენ რატომ არ გვაქ?
რანაირად შეიძლება კორუპის ინგრეოდეს იმის გამო, რომ ადამიანს შემთხვევით რაღაცის გადატრიალება დაავიწყდა?
როგორ ვიცხოვრო იმის შიშით, რომ შეიძლება, ონკანის გადატრიალება დამავიწყდეს და მარტო მე კი არა, მთელი კორპუსი მოკვდეს ამის გამო?
გიფიქრიათ ამაზე, რომ შესაძლოა, ესეთი მარტივი იყოს უდიდესი ტრაგედიის გამოწვევა? მოშვებული ონკანი, ხალხო..
ეხლა, რაში მდგომარეობს კითხვა, რომელზე პასუხის მოძებნაშიც მინდა, რომ კახი კალაძის მხარდამჭერები დამეხმარონ:
ფონიჭალის ტრაგედია, მარიტას სიკვდილი შადრევანში (?), რიყის პარკში ბავშვის სიკვდილი.. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფასადის ჩამოვადნა, რამაც ორი ადამიანი მოკლა...(მოდი, უფრო შორს არ წავალ) - კაი, არ ფიქრობთ, რომ ამის გამო უნდა გადადგეს ქალაქის მერი. ოკ. გასაგებია თქვენი პოზიცია.
მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ოდესმე, რომელიმე სიკვდილის შემდეგ, რომელიმე აფეთქების შემდეგ, რომელიმე დენის დარტყმის შემდეგ…უბრალოდ, ერთხელ მაინც, შეეძლო, რომ უბრალოდ.... ბოდიში მოეხადა ქალაქის მერს იმის გამო, რომ ქალაქი უკეთ ვერ მოაწყო (სულ მცირე) და ამის გამო ადამიანები მოკვდნენ?
ერთხელ მაინც გახსოვთ, ვინმეს, უბრალოდ ბოდიში მოეხადა იმ ტრაგედიების გამო, რაც ხდება?

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…